უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, Siemens-მა რუსეთის ფედერაციის ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
გერმანული მრავალპროფილური კონგლომერატი რუსეთში სარკინიგზო, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიურ სექტორებში 1850-იანი წლებიდანაა წარმოდგენილი და ის ქვეყნის მასშტაბით 3,000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.
„უკრაინასთან ომის დაგმობასა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო საზოგადოებას“, - განაცხადა Siemens-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა როლანდ ბუშმა.
კომპანიის ძირითადი შემოსავლის წყარო რუსეთში სარკინიგზო სერვისების გაწევას და მატარებლების გაყიდვას უკავშირდება, რომელიც გასულ სამ თვეში თითქმის განახევრდა, Siemens-მა კი, დაახლოებით, 600 მილიონი ევროს ზარალი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული პირველი შეზღუდვა არ არის, ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში Siemens-მა საინვესტიციო პროექტები შეაჩერა, გარკვეული სერვისების მიწოდება კი შეზღუდა, ამჯერად უკვე კომპანია ინდუსტრიულ საქმიანობასაც წყვეტს.