მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კაკაურიძე: ბიზნესს რაც მეტ ფინანსურ რესურსს დაუტოვებ, უფრო ბედნიერი იქნება

60a6749fa5f3a
თელარა გელანტია
20.05.21 19:00
702
"ბიზნესს რაც მეტ ფინანსურ რესურსს დაუტოვებ, უფრო ბედნიერი იქნება“ - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დღეს bm.ge-ის კითხვას, რომელიც 1500 ლარამდე საშემოსავლო გადასახადისგან ბიზნესის გათავისუფლების პროგრამის გახანგრძლივებას შეეხებოდა.

საქმე ისაა, რომ 1500 ლარამდე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების შეღავათი საქართველოს მთავრობამ თავდაპირველად 2020 წლის მაისში დააწესა და ის 6 თვის განმავლობაში მოქმედებდა. 2020 წლის 26 ნოემბერს კი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში ხელახალი „ლოქდაუნის“ დაწესების დროს განაცხადა, რომ მთავრობა ამ შეღავათს კიდევ 6 თვით გაახანგრძლივებდა. ამ განცხადებიდან მალევე პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეიტანა და პროგრამა გაგრძელდა; მას ვადა მიმდინარე თვეში ეწურება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მხოლოდ 2021 წლის პირველ კვარტალში კერძო სექტორმა 1500 ლარამდე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების შედეგად 128 მილიონი ლარის სარგებელი მიიღო.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ბიზნესის მხარდამჭერი ერთ-ერთი კარგი ღონისძიებაა, მაგრამ როცა Covid-შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება და შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობა იზრდება, შესაძლოა, ის ნაკლებად ეფექტიანიც იყოს.

„1500 ლარამდე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამამ უმუშევრობის კიდევ უფრო მეტად არგაზრდასაც შეუწყო ხელი, რადგან ნაკლებმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, თუმცა ეს შეღავათი, ძირითადად, გამომდინარეობდა იქიდან, რომ ეკონომიკური აქტივობა იყო შეზღუდული; დღეს კი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეკონომიკა უნდა აღდგეს, ეს ღონისძიება შეიძლება ნაკლებად ეფექტიანი იყოს. რა თქმა უნდა, ბიზნესს რაც მეტ რესურსს დაუტოვებ, უფრო ბედნიერი იქნება, მაგრამ ეს არ იქნება წინამძღვარი ეკონომიკური აქტივობის გასაზრდელად, ამიტომ თუ რამე ღონისძიებას დავაფინანსებთ, ის აუცილებლად იმ ფინანსური რესურსით უნდა მოხდეს, რაც გვაქვს და არა საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდის ხარჯზე“, - აცხადებს bm.ge-ისთან გიორგი კაკაურიძე.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმითვე, მთავარი პრიორიტეტი არსებული საბიუჯეტო დეფიციტის შენარჩუნება და შემდგომი შემცირება უნდა იყოს.

„შეიძლება, ინდივიდუალურად ბიზნესი ამას ვერ ხვდებოდეს, მაგრამ მაღალი დეფიციტი, მაკროეკონომიკური სირთულეები თითოეული ბიზნესისთვის შემაფერხებელი იქნება; ამდენად, თუ რამეს დავაფინანსებთ, უნდა იყოს უფრო ეფექტიანი, ზრდაზე ორიენტირებული, ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებისკენ მიმართული და არა უბრალოდ, არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე ორიენტირებული“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მიმდინარე საგადასახადო თუ სოციალური შეღავათები, რომლებიც უახლოეს პერიოდში იწურება, არსებული სახით ვერ გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები