მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია: არაა გამორიცხული, საქართველოს პოლიტიკაში ისევ მიხილოთ

6103e6ca9fbd7
BM.GE
01.08.21 14:20
1821
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, რომელიც ამჟამად იაპონიაში საქმიანობს, სადაც Mckinsey-ის უფროსი პარტნიორია, საქართველოს პოლიტიკაში ძალების მოსინჯვას არ გამორიცხავს.

საქმე ის არის, რომ 2019 წელს, როდესაც გიორგი ქობულია თანამდებობიდან მოხსნეს, ის პოლიტიკაში დარჩენას არ გამორიცხავდა, თუმცა საბოლოოდ, ისევ Mckinsey-ში დაბრუნდა.

„მე არ ვმალავ, მქონდა გეგმა და სურვილი, რომ საქართველოს პოლიტიკაში გამეგრძელებინა მუშაობა, რადგან მე როცა ეკონომიკის მინისტრი ვიყავი, დავინახე პოტენციალი და საშუალება ქვეყნის განვითარების, რომელიც არ იყო რეალიზებული. რა თქმა უნდა, მე როგორც ადამიანს, რომელსაც რაღაცების გაუმჯობესების ამბიცია აქვს, ამან დამაინტერესა; საქართველო ჩემი სამშობლოა და მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა მის განვითარებაში, ამიტომ ვეძებდი სახსრებს და საშუალებებს იმისთვის, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აზრიანად მიმეღო მონაწილეობა. ამ თემაზე ფიქრს ნახევარი წელი დავუთმე, მაგრამ საბოლოოდ, ამ ეტაპზე აზრი ვერ დავინახე, ამიტომ ვთქვი, რომ ახლა ეს ნაადრევია. მოკლედ, პოლიტიკაში ჩემი დარჩენა არ გამოვიდა, არ გამოვრიცხავ, ეს მცდელობა გავიმეორო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არაა გამორიცხული ისევ პოლიტიკაში მიხილოთ საქართველოში“, - ამბობს გიორგი ქობულია.

Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის გიორგი ისაკაძის კითხვაზე - ხომ არ ხედავს გიორგი ქობულია საკუთარ თავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდში და ზოგადად, რას ფიქრობს პარტიაზე „საქართველოსთვის“, ექს-მინისტრმა თქვა, რომ გახარიას პარტია მასზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

„ამ ეტაპზე ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებისგან თავს ვიკავებ. არც გიორგი გახარიას პარტიასთან მქონია კონსულტაცია, მაგრამ ჩემი აზრით, პარტია „საქართველოსთვის“ და ის ხალხი ვინც იქაა შეკრებილი, ჩემზე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა ველოდები რა პროგრამას წარადგენენ“, - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები