მეორე კვარტლის მონაცემებით, Google-ის მფლობელ Alphabet-ს არსებობის მანძილზე შემოსავლები პირველად შეუმცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ინტერენტ გიგანტის შემოსავლებმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში $38.3 მლრდ-ი შეადგინა, რაც 2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ბოლო მონაცემები ადასტურებს, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს კორონავირუსის პანდემიას ეკონომიკაზე და როგორ აზარალებს კომპანიებს.
Google-ის შემთხვევაში, პანდემიამ ნეგატიური გავლენა იქონია სარეკლამო ნაწილზე, სადაც შემოსავლები 8%-ით შემცირდა და 29,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
“რადგან COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები ზრდას განაგრძობს აშშ-ის ზოგიერთ შტატში და ვითარება ამ ეტაპზე არაპროგნოზირებადია, ჩვენი აზრით, ბიზნესების უმრავლესობა ცდილობს ნაკლები დახარჯოს რეკლამაზე“, - განაცხადა Monness Crespi Hardt-ის ანალიტიკოსმა ბრაიან უაითმა.
აღსანიშნავია, რომ რეკლამებიდან შემოსავლები შეუმცირდა მსოფლიოში ცნობილ სოციალური ქსელის გიგანტ Facebook-ს, რაც კომპანიის მიმართ დაწყებულ „სარეკლამო ბოიკოტს“ უკავშირდება.