Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ის მოგება 162%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 17.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ კომპანიის მოგების რეკორდული ზრდა რეკლამიდან მიღებული შემოსავლების ზრდას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი პანდემიამ ინტერნეტს მიაჯაჭვა და შესაბამისად, სარეკლამო მომსახურებაზეც მოთხოვნა გაიზარდა.
ამასთან Alphabet-ის განცხადებით, Google-ის საძიებო სისტემის ნაწილში შემოსავლები 30%-ით გაიზარდა და 31.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება შემოსავლების ზრდას YouTube-იდან, აქ ზრდამ 49% შეადგინა და 6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
გამოცემა წერს, რომ Alphabet-ის შემოსავლების ზრდის ფონზე კომპანიის აქციების ღირებულებამაც 4.5%-ით მოიმატა.