რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, ამ მძიმე პერიოდში უნგრეთი საქართველოს დასახმარებლად მზადაა. დიპლომატი ამბობს, რომ ახლა ძალიან კარგი დროა ბაზრების დივერსიფიკაციისა და ევროპაში ექსპორტის ზრდისთვის, რაშიც საქართველოს პარტნიორები დაეხმარებიან.
“ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა გვჭირდება, არის მშვიდობა, რათა მოხერხდეს ვაჭრობა, რადგან ვაჭრობა თავის მხრივ მოიტანს მშვიდობას. საჭიროა გვესმოდეს: ჩვენი კეთილდღეობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ამ მძიმე მომენტში აუცილებელია ვისაუბროთ, როგორ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ. მინდა, ხუმრობით და ამავდროულად სერიოზულად ვთქვა, რომ გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებობა, დავლიოთ უფრო მეტი ქართული ღვინო ევროპაში და მზად ვართ, ამაში დაგეხმაროთ”, - აღნიშნავს დიპლომატი.
კითხვას - უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყანა, EU-ს მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, დიპლომატი ასე პასუხობს:
“ჩვენი მოვალეობა არ არის, განვსაზღვროთ რა არის სწორი, ან არასწორი ან რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ მთავრობებმა. ჩვენ ჩვენი მეგობრების გვერდში ვდგავართ. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ქართველი ერი, ჩვენ პარტნიორები ვიქნებით”, - აცხადებს ის.
მისივე განმარტებით, ძალიან კარგია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა, რადგანაც წინ მნიშვნელოვანი პერიოდია, როცა ქვეყანამ არაერთი რეფორმა უნდა დანერგოს.
“2-14 წელი დაგვჭირდა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრობა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ჩემი აზრით, მზადების პროცესიც ასეთივე სასრგებლოა, რადგან მოთხოვნილი კრიტერიუმების შესრულება, თავად ქვეყნისთვისაც ძალიან საჭიროა. უნგრეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ და ეს მომავალშიც ასე იქნება”, - აცხადებს ის.