მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ 40 ქვეყნის განცხადებას საქართველო არ უერთდება

62cfc18ba82d4
გიორგი თოლორდავა
14.07.22 11:28
6924
გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) უკრაინის სარჩელს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 40-ზე მეტი სახელმწიფო ერთობლივი განცხადებით მხარს უჭერს და რუსეთს ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს.

განცხადების ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, თუმცა გვხვდება: მოლდოვა, ბულგარეთი, ანდორა, მალტა, სან-მარინო, პალაუ და მარშალის კუნძულები.

დოკუმენტის ხელმომწერი სახელმწიფოები ჰააგის სასამართლოში შეტანილი სარჩელის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ რუსეთს ომის დაწყებისა და წარმოებისთვის არავითარი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია და მისი ქმედებები პირდაპირ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართალთან.

აღსანიშნავია, რომ 16 მარტს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივი შეწყვეტა უბრძანა, თუმცა მოსკოვს ICJ-ის გადაწყვეტილება არ გაუთვალისწინებია, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო ნორმების დამატებით დარღვევას გულისხმობს.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერს: ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მარშალის კუნძულები, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი.

საგულისხმოა, რომ მარტში საქართველო შეუერთდა 38 სახელმწიფოს მოთხოვნას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები