მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„HACCP-ის სტანდარტის დასანერგად რთული პერიოდი შეარჩიეს“ - „მეგრული სახლი“

6160541aa0b86
ელენე გოგბერაშვილი
08.10.21 22:30
862
2021 წლის პირველი ივნისიდან საქართველოში, HoReCa სექტორში რეგისტრირებული ნებისმიერი ბიზნესოპერატორი (რესტორანი, კაფე და სხვა), რომელიც სურსათის გადამუშავებას ან მიწოდებას ახორციელებს, ვალდებულია HACCP სისტემა დანერგოს.

HACCP-ი საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციასა და აღმოფხვრას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ რეგულაცია ძალაშია, მცირე და საშუალო ბიზნესების დიდი ნაწილი ახალ სტანდარტზე გადასასვლელად მზად არ არის.

„რთული პერიოდი შეარჩიეს ამ სტანდარტის დასანერგად“, - ამბობს რესტორან „მეგრული სახლის“ დამფუძნებელი, ეკატერინა ჯალაღონია.

მისი თქმით, „მეგრული სახლის“ ქსელი თავდაპირველად სწორედ სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა, შესაბამისად ის ხარჯი არ აქვთ, რაც შედარებით მცირე კვების დაწესებულებებს, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ინფრასტრუქტურაც კი არ უწყობთ ხელს ახალ სტანდარტზე გადავიდნენ.

„რთული პერიოდი შეარჩიეს ამ სტანდარტის დასანერგად, რადგან წელიწადნახევარზე მეტია პანდემიაა და ყველაზე დიდი დარტყმა სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესმა განიცადა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ამიტომაც არის რთული იმ ფინანსებთან გამკლავება, რაც იწვევს დანახარჯებს. ჩემს ობიექტებზე არ მიჭირს ამის გაკეთება, რადგან თავიდანვე, როდესაც ქსელები გავხსენით, დავნერგეთ ის სტანდარტი, რაც უნდა ყოფილიყო, შესაბამისად გლობალურად არ მაქვს ხარჯი, ამიტომ არის ეს ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მარტივი, მაგრამ იმ ობიექტებისთვის, რომლებსაც აქვთ პატარა სამზარეულო, არ აქვთ მოწყობილი გამწოვი სისტემები, ტემპერატურულ რეჟიმს ვერ იცავენ, მათთვის, რა თქმა უნდა, ეს დიდი ხარჯია.

რესტორანს, რომელიც იწყებს ოპერირებას, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს ყველაფერი გაკეთებული, მაგრამ ბევრს აქვს ძველ ქალაქში ობიექტი და რომც უნდოდეს ადამიანს, ვერ გააკეთებს ამას, რადგან ხან უფლებას არ აძლევენ, ან მეზობლების პრობლემაა. ფაქტობრივად ის ობიექტები, რომლების წლებია საქმიანობენ, რომელსაც შეიძლება ფინანსური მდგომარეობა უწყობდნენ ხელს, მაგრამ არ უწყობდეს ხელს სივრცე და ესაა სირთულე. სხვათაშორის დავსვი ეგ კითხვა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ამ ადამიანებმა რა უნდა გააკეთონ არ ვიცი“, - აცხადებს ჯალაღონია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ HACCP სისტემაზე გადასვლის ვალდებულება ჰორეკა სექტორში რეგისტრირებულ კომპანიებს 1 ივნისიდან აქვთ, თუმცა სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით, მათ 6-თვიანი ვადა მიეცათ, როცა კანონის აღსრულებაზე ზედამხედველი ორგანო, ამ შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტო, ბიზნესოპერატორებს მხოლოდ გააფრთხილებს და მათზე ამ პერიოდში საჯარიმო სანქცია არ გამოიწერება.

„ის, რომ როგორც კი დაინერგა 1 ივნისიდან და არ დაიწყო უცებ ტოტალური შემოწმება და დაჯარიმება, ეს იყო „შემსუბუქება“. მე თუ მკითხავთ საერთოდ კიდევ ერთი წელი უნდა გადავადებულიყო ეს საკითხი რადგან, ძალიან ბევრს უჭირს ამ სექტორში ფეხზე დადგომა“, - აცხადებს „მეგრული სახლის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები