მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HACCP-ის სტანდარტს მცირე და საშუალო რესტორნების 98% ვერ დანერგავს - Coffeesta

61604e4c112ed
ელენე გოგბერაშვილი
08.10.21 20:25
1226
2021 წლის პირველი ივნისიდან საქართველოში, HoReCa სექტორში რეგისტრირებული ნებისმიერი ბიზნესოპერატორი, რომელიც სურსათის გადამუშავებას ან მიწოდებას ახორციელებს ვალდებულია HACCP სისტემა დანერგოს.

HACCP-ი საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციასა და აღმოფხვრას გულისხმობს. მას თავად ბიზნესოპერატორი ნერგავს და მართავს.

საქართველოში ბიზნესის ამ სტანდარტზე გადასვლა საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა - პანდემიას და სწორედ იმ სექტორზე გავრცელდა, რომელიც კოვიდ-19-მა ყველაზე მეტად დააზარალა. ახლა, როცა რეგულაცია უკვე ძალაშია, აღმოჩნდა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის უმრავლესობას ახალ სისტემაზე გადასასვლელად არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი აღმოაჩნდა, შესაბამისად დგანან იმ რისკის წინაშე, რომ ან საკმაოდ სოლიდური ჯარიმები გადაიხადონ ან უბრალოდ ობიექტები დახურონ.

„სურსათის უვნებლობის სამსახური დადის ობიექტებში და ითხოვენ HACCP-ის სტანდარტის დანერგვას, რომელიც ევრო რეკომენდაციების ნაწილია. წარმოუდგენელია ეს სტანდარტი მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების 98%-მა დააკმაყოფილოს. მაგალითად, საშხაპეები უნდა ჰქონდეს რესტორანს პერსონალისთვის. როგორ წარმოგიდგენიათ 30-40 კვადრატში გაკეთებული სახაჭაპურეს ან კაფის შემთხვევაში ამის გაკეთება?!

თითქოს რვაფეხაა, რომელიც ერთი მხრივ გეუბნება, რომ ხელს გიწყობ, მაგალითად მერიის კარგი ინიციატივაა, რომ გარე სივრცეების საიჯარო გადასახადის საკითხი გადაიხედა, ეს კონსტრუქციული მიდგომაა და ესეც უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, მეორე საცეცი ხელი გეუბნება იმას, რომ ხვალ დაჯარიმდები და ზეგ დაგხურავ საერთოდ, თუკი ეს სტანდარტი არ გაქვს დანერგილი.

ეს სტანდარტი იწვევს დამატებითი პერსონალის დაქირავების საჭიროებას, გჭირდება ლიდერი, რომელიც დოკუმენტაციას ავსებს, ქსელური და დიდი ზომის ორგანიზაციები ამ ყველაფრის გზაზე დგანან და ჩვენც ჩვენი შიდა სტანდარტით ვმუშაობთ, მაგრამ საუბარია მცირე და საშუალო ბიზნეს ოპერატორებზე. არც თუ ისე იაფი ჯდება მაგ სტანდარტის დანერგვა...

პირდაპირ გეტყვით, ამას 98% ვერ შეძლებს, შესაბამისად კანონის მიხედვით უნდა დაჯარიმდეს და შეეზღუდოს ოპერირება. იმის თქმა მინდა, რომ ჩამოყალიბებული და გააზრებული პოლიტიკა არ გვაქვს ამ ინდუსტრიასთან მიმართებით“,-აცხადებს მიხეილ ფარულავა, „კოფისტას“ ხელმძღვანელი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ HACCP სისტემაზე გადასვლის ვალდებულება ჰორეკა სექტორში რეგისტრირებულ კომპანიებს 1 ივნისიდან აქვთ, თუმცა სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით, მათ 6 თვიანი ვადა მიეცათ, როცა კანონის აღსრულებაზე ზედამხედველი ორგანო, ამ შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტო, ბიზნესოპერატორებს მხოლოდ გააფრთხილებს და მათზე ამ პერიოდში საჯარიმო სანქცია არ გამოიწერება.

HACCP-ის სისტემას საკმაოდ დეტალური და ვრცელი მოთხოვნები აქვს როგორც შენობების, ისე ოთახების მიმართ, სადაც სურსათი იწარმოება, ასევე აღჭურვილობის, საკვების შეფუთვასთან, ტრანსპორტირებასთან და ჰიგიენასთან მიმართებით. მაგალითად ოთახის იატაკი, სადაც საკვები იწარმოება, აუცილებლად სპეციალური მასალისგან უნდა დამზადდეს, ასევე ჭერი, კედლები, ჭურჭელი.

HACCP-ის სისტემის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობაში გაწერილია საჯარიმო სანქციები. რეგულაციასთან შეუსაბამობის შემთხვევაში მცირე ბიზნესი 200 ლარით, მსხვილი ბიზნესი კი 400 ლარით, ხოლო გამეორების შემთხვევაში 1200 ლარით დაჯარიმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები