მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰერეთი გლობალმა“ ნიუ-ჯერსის შტატში ღვინის რეალიზაციის უფლება მოიპოვა

6058880484e04
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.21 23:00
1833
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის იმპორტიორმა კომპანია „ჰერეთი გლობალმა“ ნიუ-ჯერსის შტატში ღვინის რეალიზაციის უფლება მოიპოვა.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას იმპორტიორი კომპანიის თანადამფუძნებელი ავთანდილ ჩხეიძე განმარტავს, ისინი ქართული ღვინის შეტანას აღნიშნული შტატის 20-30 ლოკაციაზე გეგმავენ.

„2021 წლის პირველ მარტამდე ღვინის დისტრიბუციას მხოლოდ ნიუ-იორკში ვახდენდით. რადგან ნიუ- ჯერსის შტატმა დაგვრთო ნება, ვაწარმოოთ დისტრიბუცია. შტატში არსებულ ქსელურ ღვინის მაღაზიებთან მოლაპარაკებები და დეგუსტაციები დავიწყეთ. ამ ეტაპზე მინიმუმ 20-30 ლოკაციაზე გვინდა შესვლა. Alazani Estate Winery-ის სხვადასხვა სახის ღვინის ფასი მაღაზიის დახლზე 18-22 დოლარი იქნება“, - ამბობს ავთანდილ ჩხეიძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ აშშ-ში ღვინის იმპორტი 2020 წლის სექტემბერში 16 500 ბოთლის გატანით დაიწყო და ამ დრომდე ეტაპობრივად ნიუ-იორკის შტატის სხვადასხვა ლოკაცია აითვისა.

„ნიუ- იორკში Alazani Estate Winery-ის ღვინოები 35 ლოკაციაზეა შესული და ეს რაოდენობა მზარდია. ღვინის მაღაზიებში ფასი 18-დან 22 დოლარამდეა, ხოლო რესტორნებში 50-დან 90 დოლარამდე მერყეობს“, - აღნიშნა „ჰერეთი გლობალის“ დამფუძნებელმა.

იმპორტიორი კომპანია აშშ-ში ღვინის საიმპორტო ბაზრების გაფართოებას მომავალშიც გააგრძელებს.

„უახლოეს მომავალში ორი კონტეინერის 33 000 ბოთლი ღვინის შემოტანას ვგეგმავთ. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ვფიქრობთ კონეკტიკუტის, მასაჩუსეტსის, ვირჯინიის, ვაშინგტონის, ფლორიდის, კალიფორნიის და ტეხასის შტატებში ღვინის შეტანაზე ვფიქრობთ, თუმცა ეს ეტაპობრივად მოხდება. ბიზნესგეგმაში 50 შტატში შესვლა გვაქვს გაწერილი“, - უთხრა BM.GE-ის ავთანდილ ჩხეიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები