როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, ინფორმაცია ვერ მიიღო ვერც შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებისგან.
"გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე. სამწუხაროდ, ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია ვერცერთი სხვა პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან.
ვერც შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელსაც ევალება ჩვენი საზღვრის კონტროლი და ამავე დროს, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ზოგადად ქვეყნის მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს და მიზიარებდეს.
ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომლის ერთ-ერთი მიმართულება საკუთარი უწყების კანონის თანახმად, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვაა, ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელსაც პირდაპირ კანონით ევალება საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა და ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა
არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც კი ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად ამ მდგომარეობაში საგანგაშოა, როცა მსოფლიოს ყურადღება მაქსიმალურად მობილიზებულია არსებულ მოვლენების მიმართ",-ამბობს ზურაბიშვილი.
“ამიტომ, იძულებული ვარ საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. მიმაჩნია, რომ დღეს ამ ფორმატში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იქნას განხილული. დრო აღარ ითმენს, ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, ხოლო მეორე სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე. ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, რამეთუ საზოგადოებამ დროულად და დეტალურად უნდა მიიღოს იმის შესახებ ინფორმაცია თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება იმისთვის, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება და არ შეიქმნას არც უსაფუძვლო შიში და არ გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია. ასევე საბჭომ უნდა განიხილოს არსებული რეაქცია აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა სეპარატისტებს არ მივცეთ საშუალება იმისა, რომ ეს მოვლენები გამოიყენონ იმისთვის, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიში გააღვინონ.
ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას. ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ. დაბოლოს, აუცილებელია ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კომუნიკაცია”,-აცხადებს პრეზიდენტი.