კომპანია Yandex Go, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისთვის [FSB] ტაქსის რუსული პროვაიდერების მიერ მონაცემთა ბაზებზე სრული წვდომის მიცემის ვალდებულების შესახებ გამოცემა Meduza-ს გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს და განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ FSB უცხოური მგზავრობის მონაცემებზე წვდომას მიიღებს, არასწორია.
„რუსეთის კანონმდებლობა არ ვრცელდება საქართველოში წარმოდგენილ სერვისზე და არც ამ სერვისის მომხმარებლებზე, ვინაიდან ისინი ახორციელებენ მგზავრობას და იყენებენ აპლიკაციას რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ. ეს არ შეიცვლება არც 1 სექტემბრის შემდეგ.
ნიდერლანდური კომპანია Ridetech International B.V., რომელიც ახორციელებს Yandex Go-ს სერვისს საქართველოში, მომხმარებლების პერსონალური მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და GDPR-ს სტანდარტების მიხედვით, ასევე უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტების ყველა გათვალისწინებულ უფლებას.
ისევე როგორც ადრე, მონაცემების მოთხოვნა, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ სერვისის ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნით და მხოლოდ დადგენილი საერთაშორისო პროცედურების ფარგლებში.
ჩვენი კომპანია იცავს უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალ სტანდარტებს, რასაც ადასტურებს საერთაშორისო საჯარო ანგარიში SOC2/3“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წინაშე ტაქსის კომპანიების წარმოქმნილი ვალდებულების შესახებ BM.GE გამოცემა Meduza-ზე დაყრდნობით ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში წერდა. გუშინ კი Meduza-მ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა. გავრცელებულ მასალაში აღნიშნულია, რომ ძალიან მალე FSB "იანდექსის" სერვისის მონაცემებზე 24-საათიან წვდომას მიიღებს. როგორც Meduza-მ გაარკვია, რუსეთის გარდა საფრთხის ქვეშ არიან იმ ქვეყნის მოქალაქეები, სადაც Yandex Go ოპერირებს, იქნება ეს სომხეთი და საქართველო, თუ ისრაელი და ფინეთი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ივლისში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) ტაქსის პროვაიდერების მონაცემთა ბაზებზე 24-საათიან დისტანციურ წვდომას მისცემს. საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც ტაქსის სერვისებს მომხმარებელს ინფორმაციული უზრუნველყოფის მეშვეობით აწვდიან. განკარგულების მიხედვით FSB ტაქსის სერვისების მონაცემებზე წვდომას 1 სექტემბრიდან მიიღებს.