მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიაში არ გვქონია ისეთი დაბალი ექსპორტი, როგორც - I კვარტალში - GEORGIAN PRODUCTS-ი მიზეზებზე

64806b992ec3a
თელარა გელანტია
10.06.23 20:20
2001
შინაური ცხოველების ავეჯის მწარმოებელი კომპანია GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე პირველ კვარტალში პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებით კმაყოფილი არაა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და მიზეზებიც ახსნა.

„GEORGIAN PRODUCTS-ის პროდუქცია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდება. I კვარტალში 2.5 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიტანეთ, როცა ჩვენი პროგნოზით, $4.5 მილიონს ვვარაუდობდით. ჩვენი კომპანიის ისტორიის განმავლობაში ასეთი დაბალი გაყიდვები არ გვქონია, მაგრამ ეს მხოლოდ GEORGIAN PRODUCTS-ის გამოწვევა არაა. საქმე ის არის, რომ 2022 წლის შუა რიცხვებიდან მთელი ევროპის მასშტაბით, ყველა დიდ კომპანიას გაუჩნდა კრიზისი, რომელიც შარშან არ გვიგრძვნია, მაგრამ წელს უკვე დაეტყო ჩვენი ექსპორტის მოცულობას.

რაც შეეხება მიზეზებს, ესაა მაღალი ინფლაცია ევროპაში, მაღალი ფასები ენერგორესურსებზე და ა.შ. რატომაც ევროპელმა ოჯახებმა ნაკლები ფულის ხარჯვა დაიწყეს. ჩვენს პარტნიორ კომპანიებშიც ასეთი ვითარებაა - გაყიდვების ვარდნა ყველამ იგრძნო, მაგრამ ახლა მოგვდის ინფორმაცია, რომ ბაზარმა დაისვენა და გაყიდვები ზრდის ტენდენციას დაუბრუნდება“, - თქვა დავით ბარდაველიძემ.

გარდა ევროპისა, GEORGIAN PRODUCTS-ის პროდუქცია აშშ-ის ბაზარზეც იყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, წელს, I კვარტალში ამერიკაში 1 მლნ დოლარის ღირებულების ცხოველების ავეჯი გაყიდეს.

„ჩვენი პროდუქცია ამერიკული მაღაზიების ქსელ Costco-ში იყიდება. იმედი გვაქვს, მალე მთელ ქსელში მოვხვდებით“, - აღნიშნა მან.

GEORGIAN PRODUCTS-ის პროდუქცია, შესაძლოა, მომავალში Amazon-ზეც გაიყიდოს. როგორც დავით ბარდაველიძე ამბობს, ამ მიმართულებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

GEORGIAN PRODUCTS-ი სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. კომპანიამ საქმიანობა 2014 წელს დაიწყო და უკვე 2015 წლიდან კომპანიის მიერ წარმოებული, შინაური ცხოველების ავეჯი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანა.

GEORGIAN PRODUCTS-ი იმ TOP-10 ქართულ კომპანიას შორისაა, რომელმაც 2022 წელს საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები