მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იზი ჩარტერი“ მეორე საჰაერო ხომალდის შეძენას გეგმავს - რა ტვირთებს ემსახურება ქართული ავიაკომპანია?

64ad62af1e852
ნინო ტაბატაძე
11.07.23 18:48
1248
ქართული ავიაკომპანია „იზი ჩარტერი“ ავიაპარკის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის მენეჯმენტი 2022 წლის ფინანსურ ანგარიშში წერს.

ამჟამად, „იზი ჩარტერს“ საკუთრებაში აქვს ერთი სატვირთო საჰაერო ხომალდი, რომლის მეშვეობით ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს სატვირთო გადაზიდვების მომსახურებას უწევს. თვითმფრინავი ბაზირებულია საქართველოში და რეისები ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ასევე ავიაკომპანია ახორციელებს საერთაშორისო რეისებს მესამე ქვეყნებს შორის. ამასთან, კომპანიის ოპერირების ძირითადი არეალია ევროპა, აზია, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკის კონტინენტი.

„საჰაერო გადაზიდვებზე ძალიან გაზრდილმა მოთხოვნამ უკიდურესად შეამცირა მსოფლიოში გასაყიდი თვითმფრინავების რაოდენობა და არარეალურ ნიშნულამდე გაზარდა მისი ფასი. კომპანია აქტიურად ეძებს კიდევ ერთ საჰაერო ხომალდს შესაძენად და დიდი ალბათობით 2023 წლის ბოლომდე შეიძენს მას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, 2022 წელს, „იზი ჩარტერმა“ 66 118 649 ლარის შემოსავალი და 18 147182 ლარის საერთო მოგება მიიღო, რაც 2021 წელთან შედარებით გაზრდილია შესაბამისად, 37% და 51%-ით. წმინდა მოგებამ კი, 11.7 მლნ ლარი შეადგინა.

ავიაკომპანიას გავლილი აქვს ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების პროცესი, აქვს აკრედიტაციები ჰონგკონგსა და მალაიზიაში, 2022 წელს კი, ავიაკომპანიამ დაასრულა გაერთიანებული სამეფოს სამოქალაქო ავიაციის სერთიფიცირების პროცესი, რამაც კიდევ ერთი ძალიან დიდი ბაზარი და ახალი შესაძლებლობები გაუხსნა.

რაც შეეხება კლიენტებს, „იზი ჩარტერს“ ჰყავს ისეთი დამკვეთები, როგორებიც არიან: Maersk,  DSV,  Bollore Logistics,  Dynami Aviation,  DHL,  ARAMEX  და სხვ.  ასევე, ემსახურება მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანია „ინდიტექსს“. ამ კომპანიაში ავიაკომპანიამ ცალკე გაიარა სერტიფიცირება და  როგორც ფინანსურ ანგარიშშია აღნიშნულია, მსოფლიოს უდიდეს ავიაკომპანიებთან ერთად ექსკლუზიურად ემსახურებოდა მას.

"წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ავიაკომპანია იგივე მარშრუტზე ისევ გააგრძელებს „ინდიტექსის“ მომსახურებას", - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები