მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადის ტყის ხანძრების კვამლი დასავლეთ ევროპამდე აღწევს

649c3f48a9776
სალომე ხიდურელი
28.06.23 22:00
836
კანადამ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა ისტორიის მანძილზე ყველაზე უარესი ხანძრების სეზონი მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში მასშტაბური ხანძრების კვამლმა ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და დასავლეთ ევროპაში გავრცელდა - წერს CNN.

კანადას მასშტაბური ხანძრის სეზონის დრამატული დასაწყისი ჰქონდა, 7.7 მილიონი ჰექტარი ქვეყნის მასშტაბით უკვე დაიწვა, ხანძრის პიკის სეზონის ნახევარი კი ჯერ ისევ წინაა. მასშტაბური ხანძრების უპრეცედენტო სეზონმა შეცვალა 1989 წლის რეკორდი, როცა ცეცხლმა 7.3 მილიონი ჰექტარი დაწვა.

ტყის ხანძრებისგან გავრცელებულმა კვამლმა ამ თვის დასაწყისში ნიუ-იორკს, ამ კვირაში კი გაერთიანებულ სამეფოს მიაღწია. ამის მიზეზი ატმოსფეროს ზედა შრეებისთვის დამახასიათებელი ძლიერი ქარი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული შემთხვევა დასავლეთ ევროპაში ისე დრამატულად არ შეცვლის და გააუარესებს ჰაერის ხარისხს, როგორც ეს ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში მოხდა.

CNN-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერი ხანძრისგან გამოწვეულმა კვამლმა კანადიდან ნორვეგიასაც მიაღწია.

კანადაში ტყის მასების წვა გრძელდება. უცხოური მედია იტყობინება, რომ მხოლოდ კვირა დღეს ცეცხლის, მინიმუმ, 53 ახალი კერა გაჩნდა, რომელთა უმრავლესობა, 23 კერა ალბერტაში იყო, 8-8 კი ონტარიოსა და კვებეკში, ორშაბათს კი 27 კერა გაჩნდა.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ხანძრის სეზონის სიმძიმე კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ გვალვები და მაღალი ტემპერატურა მსოფლიოს მასშტაბით უფრო ხშირი და მწვავე პრობლემა ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები