კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნების მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით, კახეთის რეგიონში, ტარიბანას ველზე, იტალიურ და მაროკოულ კალიებთან ბრძოლის ბიოლოგიური პესტიციდის საცდელი კვლევები ჩატარდა. კვლევები გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგრამის „კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე კალიების გაუმჯობესებული მართვა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „კალიების შემოსევებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ ფარგლებში განხორციელდა.
კალიებისა და სხვა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბიოლოგიური პრეპარატის სადემონსტრაციო გამოცდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, პერიოდულად ტარდება. კვლევებში ჩართული არიან მცენარეთა დამცველები იტალიის, კერძოდ, სარდინიის რეგიონიდან, სადაც კალიების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება. სამუშაო პროცესში, იტალიელმა სპეციალისტებმა კალიებთან ბრძოლის საქართველოს მრავალწლიანი გამოცდილება გაიზიარეს.
როგორც მცენარეთა დაცვის ექსპერტებმა განმარტეს, ბიოლოგიური პრეპარატი მოქმედებს მხოლოდ კალიაზე და მისი გამოყენება ისეთ ტერიტორიებზე, სადაც შეზღუდულია ქიმიური ინსექტიციდებით დამუშავება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია.
"FAO-ს ამ პროგრამაში ჩართულია კავკასიისა და ცენტრალური აზიის 10 ქვეყანა, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველო. ვატარებთ ბიოპესტიციდის სადემონსტრაციო ცდას, რომლის შედეგებიც დაეხმარება საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს კალიებთან ბრძოლაში", - აცხადებს მერიონ შირისი, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელი.
"ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, როგორ ახორციელებენ კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს. აქ, ველზე, შეგვიძლია ვნახოთ, როგორ გამოიყენება ბიოლოგიური პესტიციდები, როგორ ვემზადებით და ვახორციელებთ წამლობას, რამდენიმე დღეში კი ვნახავთ შედეგს. იმედი მაქვს, ამ გამოცდილებას ჩვენს ქვეყანაშიც გამოვიყენებთ“, - აცხადებს სედრაკ ტარვერდიან, სომხეთის წარმომადგენელი.