მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკების პასუხის პასუხი ჯანდაცვის მინისტრს - "ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს"

62d853a5e6616
ალა ისპირიანი
21.07.22 00:40
1357
რამდენიმე დღის წინ "ჯანდაცვის ასოციაციის" წევრმა 100-მა კლინიკამ ზურაბ აზარაშვილს ღია წერილით მიმართა. წერილში საუბარია ტარიფების ინდექსაციის საკითხზე, რასაც, ხელმომწერების განცხადებით, კლინიკების ფინანსური მდგრადობა და წარმატებული ფუნქციონირება ემყარება. წერილის ავტორები ამბობენ, რომ თუ ტარიფების ინდექსაცია არ მოხდება, ეს კლინიკებისთვის დიდი ფინანსური დარტყმა იქნება.

ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკებს უპასუხა, რომ მათი ტარიფების გადასახედად სამინისტროს მყარი არგუმენტაცია სჭირდება. მინისტრის პასუხის პასუხად, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ ჩუხრუკიძემ “საქმის კურსში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ მათ ძალიან მყარი არგუმენტები აქვთ და დასძინა, რომ ამ არგუმენტების მოსასმენად შეხვედრაა საჭირო.

როგორც ჩუხრუკიძემ თქვა, თუ ჯანდაცვის მინისტრი კლინიკებს არ შეხვდება, ისინი პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.

"როდესაც ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა, პოზიტიური ნაბიჯი, რაც მან გადადგა იყო შეხვედრა სხვადასხვა კლინიკების წარმომადგენლებთან. საუბარი გვქონდა რა პრობლემები გვაქვს და ამ შეხვედრაზე თავის მოადგილეებს დავალება მისცა, რომ ეს საკითხი ღრმად შეესწავლათ. 8 თვის განმავლობაში მინისტრის მოადგილესთან სხვადასხვა საკითხზე მუშაობა და პერიოდული შეხვედრები მიმდინარეობდა.

ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ისინი გადათვლას აკეთებდნენ იმაზე, რაზეც საუბარი გვქონდა, რადგან ჩვენ ყველანაირი კალკულაცია და სტანდარტები მივაწოდეთ, მაგრამ 8 თვის თავზე გვითხრეს, რომ ინდექსაციის საკითხს ისინი არ განიხილავდნენ. ბოლო შეხვედრაზე საუბარი იყო, რომ მარტო რეანიმაციის სტანდარტებს შეცვლიდნენ და ვინც ამას დააკმაყოფილებდა, ტარიფს იმას გაუზრდიდნენ. კარდიოლოგიაზე და კარდიოქირურგიაზე საერთოდ არანაირი საუბარი ყოფილა. ბოლოს კი ჩვენი წერილის საპასუხოდ, მინისტრის უცნაური განცხადება მოვისმინეთ, რომ ის ვერ ხედავს ჩვენთან შეხვედრის აუცილებლობას. მუშაობას აგრძელებს რომელიღაც ჯგუფებთან და გაურკვეველია რომელ ჯგუფებზეა საუბარი. ის, რომ ინდექსაციას არ აპირებს, ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.

მყარი არგუმენტები რომ მოისმინო, უნდა შევხდეთ ერთმანეთს, ამას ვითხოვთ ამდენი ხანია. თუ რამე გაუგებარი იყო იმ სტანდარტებში და კალკულაციებში, ამისთვის საჭირო იყო შეხვედრა და ჩვენ ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს, რაზეც ამ ჩვენი ეთერების პირობებში ვერ ვილაპარაკებთ. მაგრამ ჩვენი არგუმენტები პირდაპირ გადის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ხარისხიან მომსახურებაზე.

ბოლო შეხვედრებიდან გამომდინარე მათი საუბრის ლაიტმოტივი შეიცვალა. მოლოდინი ძალიან პოზიტიური გვქონდა და ბოლოს იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რაც იყო ქალბატონი ტიკარაძის პირობებში.

რამდენჯერმე შევთავაზე შეხვედრა და იმ პრობლემების დეტალებში ახსნა, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ამის გაკეთება არავინ არ მოისურვა და რა საკვირველია მყარ არგუმენტებს ვერ მოისმენდნენ.

თუ შეხვედრა ვერ მოხერხდა, ალბათ მოგვიწევს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა, ღია წერილით მიმართვა, რათა პრემიერ-მინისტრი ჩაერთოს და გაიზიაროს ჩვენი გულის წუხილი, რაც ჯანდაცვის სფეროს აწუხებს," - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ.

ინფორმაციისთვის, კლინიკების მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთვის შესახვედრად მიცემული დრო 20 ივლისს ამოიწურა. ჯანდაცვის ასოციაცია აცხადებს, რომ სამინისტრო მათ წერილს არ გამოხმაურებია და შეხვედრაზეც ფაქტია, უარი მიიღეს. 100-მდე კლინიკამ ზურაბ აზარაშვილს წერილით 13 ივლისს მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები