მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძემ დეპუტატებს ბოლო წლებში ლარის კურსის გაუფასურების მიზეზები განუმარტა

60b7687abcdb4
ინგა მურუსიძე
02.06.21 15:34
1092
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ბოლო წლებში ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებს განმარტავს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მან 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომლის დროსაც დეპუტატებმა ლარის კურსის რყევებზე არაერთი კითხვა დაუსვეს.

"ლარი უფასურდებოდა პანდემიამდეც და ამას ყოველთვის აქვს კონკრეტული მიზეზები. 2017 წელს ლარი არ გაუფასურებულა; ის 2018 წელს გაუფასურდა, რადგანაც მაშინ იყო თურქული ლირის ძალიან დიდი გაუფასურება. შემდეგ უკვე გახსოვთ, 2019 წლის ივნისში რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აკრძალა და რადგან მოლოდინები იყო, რომ ბევრი ტურისტი აღარ შემოვიდოდა, ამან კურსზე გავლენა მოახდინა. მიმდინარე ანგარიშზე ამან შექმნა დაწოლა, მოლოდინების ეფექტი ჩაირთო და აქედან გამომდინარე, მოხდა გაუფასურება. რაც შეეხება 2020 წელს, რატომღაც ბევრ შეკითხვაში ითქვა, ალბათ გაუფასურების მიზეზად პანდემიას დაასახელებსო, აბა, რა უნდა დავასახელო? ქვეყანამ ტურიზმიდან ვერ მიიღო, დაახლოებით, 3 მლრდ დოლარის შემოსავალი, როგორ ფიქრობთ, რას უნდა დაეკომპენსირებინა ეს შემოსავალი?“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას, ოპოზიციონერ დეპუტატის გიორგი ვაშაძის კითხვას - რითი დააომპენსირა მსგავსი დანაკარგები სომხეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ, სებ-ის პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „სომხეთი ტურიზმზე ისე არ არის დამოკიდებული, როგორც - საქართველო. სომხეთს აქვს ერთ-ერთი მაღალი ფულადი გზავნილების ჩარიცხვები, რომელიც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენთანაც არის გადარიცხვები, თუმცა არა ისეთი, როგორც სომხეთში, სომხური დიასპორა გაცილებით დიდია, ვიდრე - ქართული“.

ამასთან, კობა გვენეტაძემ დეპუტატების წინაშე გამოსვლისას რამდენჯერმა გაუსვა ხაზი იმას, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პანდემია და ის დიდი დანაკარგები იყო, რომელიც ქვეყანამ მაკროეკონომიკურად განიცადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები