კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საზღვაო გადაზიდვების სექტორში მოკვლევა დაიწყეს. სააგენტოს ცნობითვე, საკითხი ეხება ორი კომპანიის დავას დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე.
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სააგენტო გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის ვადაში იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს.
"ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის 3 საქმეს განიხილავს - საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების სავარაუდო ფაქტს; სათარჯიმნო სექტორში - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების სავარაუდო შემთხვევას და ავტო მომსახურების სექტორში - ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს.
2022 წელს, კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და მოკვლევის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ბუნებრივი/თხევადი აირის საავტომობილო საწვავის ბაზრის და შუშის ნარჩენების ბაზრის მონიტორინგი. ამავე პერიოდში, 4 კომპანიის შერწყმაზე გაიცა თანხმობა და მიმდინარეობს საქმისწარმოება 2 საქმესთან დაკავშირებით. მიმდინარე რეჟიმში რჩება - ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად 3 საქმის შესწავლის პროცესი",-წერია სააგენტოს განცხადებაში.