„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2020 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 45-ე ადგილს იყოფს პოლონეთთან და სენტ-ლუსიასთან ერთად. საქართველოს ასევე 56 ქულა ჰქონდა გასული წლის კორუფციის აღქმის ინდექსში.
რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.
TI აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში, განსაკუთრებით კი წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრისთვის კარგ პროგრესს მიაღწია, მაინც გადაუჭრელი რჩება მაღალი დონის კორუფციის საკითხები. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებისთვის მთავრობას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
TI საქართველო პრობლემებად მიუთითებს:
"ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში. სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით პარლამენტის სისუსტე საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას. ოპოზიციის იგნორირება და გარიყვა პოლიტიკური პროცესიდან.
არაფორმალური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია.
ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთხვევების არაეფექტური გამოძიება და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში.
პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში და სასამართლოს სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დომინირება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სასამართლოში კორუფციის რისკებს.
პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის არაეფექტიანი სისტემა; პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება უკანონო გზებით.
მთავრობის და პროსამთავრობო მედიის თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე.
ხელისუფლების ზეწოლა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაზე, მათ შორის ტელევიზიების მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ მათ ოჯახის წევრებზე. ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა და თავდასხმები მათზე, განსაკუთრებით წინა და პოსტსაარჩევნო საპროტესტო აქციების გაშუქებისას.
ელიტური კორუფციის პრევენციისა და გამოძიების ქმედითი სისტემის (მათ შორის, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების) არარსებობა.
აღსანიშნავია, რომ იგივე პრობლემები გამოიკვეთა „საქართველოს ეროვნული ანტირკორუფციული სისტემის შეფასებაში“, რომელიც 2020 წლის ივნისში გამოქვეყნდა. კვლევის შედეგების საფუძველზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ,“ დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად, 2020 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე.
რეკომენდაციები
ბოლო წლებში „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს შედეგები ხელისუფლების მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ნების არასებობაზე მიუთითებს.
მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება შეუძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და რეფორმების გარეშე, რომელთა შორის აღსანიშნავია:
პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელება და ძალაუფლების კონცენტრაციის პრობლემის აღმოფხვრა, მათ შორის საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის ქმედითი მონაწილეობისთვის სათანადო პირობების შექმნის გზით.
საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენისა და სახელმწიფოს მიტაცების სხვა გამოვლინებების აღმოფხვრა.
სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა.
თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნა; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის სისტემის დახვეწა და პოლიტიკური კორუფციის შემთხვევების გამოვლენა.
დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ქმედითი რეაგირება კორუფციის, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე.
ხელისუფლების მიერ მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა.
კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ,"- ნათქვამია მიმოხილვაში.
კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც 1995 წლიდან ქვეყნდება, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.
2020 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (88 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სომალისა და სამხრეთ სუდანში (12 ქულა).