მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KovZy - პლატფორმა, რომელიც რესტორნებისთვის გაყიდვების არხს ქმნის(ბლოგი)

63ad4e2513c85
BM.GE
29.12.22 12:22
693
KovZy ალექსანდრე ცინცაძისა და სანდრო დარსაველიძის მიერ შექმნილი პლატფორმაა, ქმნის პირდაპირი გაყიდვების არხს და რესტორნების აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ონლაინ გადახდები და მომხმარებლებს დროულად მიაწოდონ შეკვეთები.

ქართული სტარტაპი 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა. სწორედ ამიტომ, KovZy-ს თანადამფუძნებელს, სანდრო დარსაველიძეს სტარტაპის სერვისის შესახებ გავესაუბრეთ:

- მოკლედ გვიამბეთ, საიდან გაჩნდა Kovzy-ს შექმნის იდეა?

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ ძირეულად შეცვალა კვების ინდუსტრია. ერთადერთი რამ, რაც არ შეცვლილა, არის ბიზნესის არსი - ადამიანების საკვებით უზრუნველყოფა, დანარჩენი ან სრულად ან ნაწილობრივ ციფრულდება მეტი ეფექტურობისა და უკეთესი ხარისხისთვის. ტენდენციების გავლენა, უპირველეს ყოვლისა, შეკვეთის განთავსების პროცესს შეეხო, მობილური ტექნოლოგიები ცვლიან შეკვეთის მიცემის, გადახდის და კლიენტთან კომუნიკაციის გარემოს; სულ რაღაც 5 წლის წინ კვების ობიექტების ციფრული გაყიდვები ჯამური გაყიდვების 5%-ს შეადგენდა. დღეს კი გაყიდვების ნახევარზე მეტი ონლაინ გაყიდვებზე მოდის (იგულისხმება ელექტრონული ფორმით გაკეთებული ყველა შეკვეთა: როგორც მიწოდება, ასევე გატანა, კიოსკი, QR მენიუ და ა.შ)

5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ერთ-ერთ გლობალურ სწრაფი კვების კომპანიაში. 2016 წელს გვინდოდა დაგვემზადებინა ჩვენი რესტორნის ვებგვერდი, რომელსაც ექნებოდა ონლაინ გადახდის და შეკვეთის მიწოდების მართვის ფუნქციონალი. შევხვდით რამდენიმე დეველოპერულ კომპანიას პირობების გასაგებად და აღმოჩნდა, რომ მსგავსი ვებგვერდის დამზადება მოითხოვდა დაახლოებით 25 000 $-ის ინვესტიციას პირველ ეტაპზე, 3-4 თვიან სამუშაო პროცესს, ერთ სპეციალიზირებულ თანამშრომელს კომპანიის მხრიდან და შემდეგ ყოველთვიურ გადასახადს ტექნიკურ მხარდაჭერაში. სწორედ მაშინ დავფიქრდი პირველად, რომ არსებობდა პრობლემა - სივრცე, მაგრამ არ არსებობდა ამ პრობლემის ეფექტური გადაწყვეტა.

4 წლის შემდეგ, 2020 წელს, ალექსანდრე ცინცაძესთან ერთად, კვების ინდუსტრიის წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ, ჩვენ სარესტორნო ბიზნესის გაყიდვების პროცესის სრული ციფრული ტრანსფორმაციისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი SaaS (Software as a Service) პლატფორმა შევქმენით. ის პარტნიორ კვების ობიექტებს ეხმარება, გააუმჯობესონ მაჩვენებლები თითქმის ყველა საკვანძო მიმართულებით. ესაა: ეფექტურობა, კლიენტების ლოიალურობა, შემოსავლები, მოგების მარჟები და ა.შ.

- რა სამუშაო გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში თქვენ და ალექსანდრეს?

ალექსანდრე ცინცაძე - ელექტრონული კომერციის მიმართულებით 15 წელია საქმიანობს. მე კვების ინდუსტრიაში 6 წლიანი, IT ინდუსტრიაში კი 4 წლიანი გამოცდილება მაქვს.

- დეტალურად გვიამბეთ, რას სთავაზობს Kovzy მომხმარებლებს და რა პრობლემას წყვეტს ის?

პლატფორმა KovZy ქმნის პირდაპირი გაყიდვების არხს რესტორნებისთვის და აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ონლაინ გადახდები და მომხმარებლებს მიაწოდონ შეკვეთები. რაც შეეხება პლატფორმის ფუნქციონალს, დღეისთვის პლატფორმა შედგება ორი უმნიშვნელოვანესი მოდულისგან: ონლაინ გაყიდვებისა და QR menu-სგან

ონლაინ გაყიდვები:

პლატფორმა KovZy კვების ობიექტებს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად შექმნან საკუთარი ვებგვერდი, დაამატონ კერძები, აირჩიონ გადახდისა და მიწოდების სასურველი სერვისები. პლატფორმაზე ინტეგრირებულია სრულყოფილი ონლაინ ვაჭრობისთვის საჭირო ფუნქციონალი.

პლატფორმა KovZy კვების ობიექტებს სთავაზობს მიწოდების სერვისების აუთსორსინგის მომსახურებას, პარტნიორი საკურიერო კომპანიების დახმარებით.

ჩვენი პარტნიორი საკურიერო სერვისების გამოყენებით რესტორნები იღებენ შემდეგ სარგებელს:

• მიწოდების საკომისიოს, რომელიც არ არის დამოკიდებული შეკვეთის მოცულობაზე;
• შესაძლებელია არსებული საკომისიოს „გაზიარება“ კლიენტთან, ანუ რესტორანს შეუძლია დაადგინოს შეკვეთის ღირებულება, რის შემდეგაც კლიენტს ამ სერვისს (მაგალითად 50 ლარს ზევით შეკვეთა უფასოა) დაუსუბსიდირებს;
• სრული თანხა მიდის რესტორანთან და შემდეგ იგი ურიცხავს კურიერს;
• კურიერის გამოძახება ხდება ავტომატურად ადმინ პანელიდან შემოსული შეკვეთის დადასტურების მომენტში;

QR მენიუ

QR მენიუ შესაძლებლობას აძლევს კლიენტებს, დაათვალიერონ მენიუ და შეუკვეთონ სასურველი კერძები პირდაპირი სმარტფონებიდან, ყოველგვარი დამატებითი აპლიკაციის გადმოწერის გარეშე. მენიუში გადასვლა ხდება უმარტივესად, მაგიდაზე მოთავსებული QR დაფის დასკანერებით.

- საიდან და როგორ დაიწყეთ KovZy-ს შენება?

პლატფორმა KovZy-ის ოპერირება 2021 წელს დაიწყო და ამჟამად მოქმედი აქტიური კვების ობიექტების რაოდენობა 290-ს აჭარბებს, ჯამური დღიური ტრეფიკი 10,000-ზე მეტ უნიკალურ ვიზიტორს და 700-მდე ტრანზაქციას შეადგენს. ტრანზაქციების ყოველთვიური საშუალო ზრდის ტემპი კი 25%-ს აჭარბებს.

პლატფორმამ უკვე მოიპოვა ნდობა, როგორც ტექნოლოგიურად სრულყოფილმა გადაწყვეტილებამ, რაზეც მეტყველებს VISA-სთან და მოწინავე ფინანსურ ინსტიტუტებთან (თიბისი ბანკი) ერთად განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მცირე და საშუალო ზომის კვების ობიექტების გაციფრულებასთან დაკავშირებით.

- რა იყო ის სირთულეები, რომლებიც KovZy-ს განვითარების გზაზე შეგხვდათ?

ზოგადად პანდემიამ კვების ინდუსტრია დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ლოქდაუნის დროს მათ ოპერირების შესაძლებლობა შეეზღუდათ, რამაც ისინი აიძულა, სრულად გადართულიყვნენ საკვების გატანისა და მიტანის ფორმით მიწოდებაზე. სადღეისოდ, მომხმარებლის შეცვლილი ქცევიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სიტუაცია პრეკრიზისულ ფაზას არასდროს დაუბრუნდება. ახალ რეალობაში ტექნოლოგიები აძლევს რესტორნებს ადაპტაციის ყველაზე დიდ შესაძლებლობას. ფიზიკური კონტაქტის მინიმიზაციისთვის რესტორნები ახდენენ პროცესების ავტომატიზაციას, ამიტომაც სხვადასხვა გაჯეტისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება უკვე მეინსტრიმი გახდა.

მიწოდების სერვისების ფართოდ დანერგვამ მნიშვნელოვნად შეცვალა როგორც სერვისის, ასევე მისი მომხმარებლამდე მიღწევის პროცესი. ამ მიმართულების განვითარება, ერთი მხრივ, დიდ შესაძლებლობას ქმნის კვების ობიექტებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, დიდ გამოწვევასაც წარმოადგენს, რადგან აბსოლუტურად ცვლის თამაშის წესებს, გავლენას ბაზარზე და ხარჯების სტრუქტურას (მიწოდების სერვისების საკომისიო ზოგიერთ ქვეყანაში 60%-საც კი აღწევს). რესტორნების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევაა, თუ რამდენად უნდა გახდნენ დამოკიდებულები მესამე მხარის სერვისებზე საკვების მიწოდების კუთხით. ჩვენი ხედვით, რესტორნები ალტერნატიული გამოსავლის ძიებაში არიან, რაც მათ დაუბრუნებს გავლენას და მოგების მარჟებს. ეს კი ჩვენი პლატფორმისთვის დიდი შესაძლებლობაა, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს სირთულეები, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მხრიდან ჩვენი ტექნოლოგიის ადაპტაციასთან.

- აქამდე თუ მიგიღიათ სხვა ტიპის აქსელერატორში მონაწილეობა?

პირველად შარშან ვცადეთ 500 Global-ში მოხვედრა, თუმცა სამწუხარო, ვერ მოვხვდით. წელს კი განმეორებით ვცადეთ და ახლა აქ ვართ.

- რატომ 500Georgia?

500 Global, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება, არის ერთერთი ყველაზე პრესტიჟული აქსელერაციის პროგრამა მსოფლიოში. ვფიქრობ, ადრეულ ეტაპზე, ანუ იქ, სადაც ახლა ჩვენ ვართ, ნებისმიერი სტარტაპისთვის საინტერესო და მნიშვლელოვანია მონაწილეობა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში.

- როგორი მოლოდინები გაქვთ პროგრამასთან დაკავშირებით?

გვაქვს მოლოდინი, რომ მივიღებთ საინტერესო და კომპეტენტურ რჩევებს გამოცდილი მენტორებისგან, საინტერესო პარტნიორულ კავშირებს და რაც მთავარია, 500 Global-ის სახელს, რომელიც გაგვიმარტივებს გლობალურ ბაზარზე გასვლას.

- როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობას აძლევს 500 Georgia სტარტაპებს და რატომაა მნიშვნელოვანი მათთვის ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

გარდა იმ ფასდაუდებელი რჩევების და გამოცდილებისა, რომელსაც იღებს თითოეული სტარტაპი მენტორებთან მუშაობის შედეგად, 500 Global არის ერთგვარი ნახტომი ნებისმიერი სტარტაპისთვის. აღნიშნულ აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა ავტომატურად ნიშნავს, რომ სტარტაპი შეაფასა კომპეტენტურმა და გამოცდილმა ჟიურიმ, შეფასება მოხდა სრული სიმკაცრით და მაქსიმალურად კრიტიკულად და ამ ადამიანებმა დაინახეს სტარტაპის პოტენციალი. ეს ფაქტი სტარტაპის მომავალსა და იდეის ვალიდურობასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას სცემს პასუხს, რაც მომავალში, მოლაპარაკებების დროს, სტარტაპს გაცილებით მომგებიან პოზიციებში აყენებს.

- და ბოლოს, ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო განვითარება დაგეგმილია თანაბრად მნიშვნელოვანი 2 მიმართულებით:

ადგილობრივი ბაზრის განვითარება - ჩვენი მიზანია, გავხადოთ მომავლის ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი დღეს, ადგილობრივი კვების ობიექტებისთვის და ამავდროულად შევქმნათ და განვავითაროთ ადგილობრივი ბაზარი. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, აქტიური მარკეტინგული კამპანიების განხორციელება, რომელიც, ერთი მხრივ, მიმართული იქნება მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებაზე და, მეორე მხრივ, პლატფორმის ცნობადობის ამაღლებაზე.

გლობალურ ბაზარზე გასვლა - კვების ინდუსტრიაში ღრუბლოვანი ტექნოლოგიების და SaaS მოდელის პლატფორმების განვითარება საწყის ეტაპზეა. უკანასკნელი წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა საკვების მიწოდების პლატფორმების მიმართულება, რამაც ხელი შეუწყო კვების ობიექტებს, მომსახურებოდნენ მომხმარებლების გაცილებით ფართო არეალს და გამოიწვია ინდუსტრიის გაციფრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი ძვრები. ამასთან ერთად, ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის ტექნოლოგიებმა გაცილებით გაზარდეს კვების ობიექტების ეფექტურობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეისთვის კვების ციფრული ტექნოლოგიების ინდუსტრია ჯერ მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს. გამომდინარე იქიდან, რომ გლობალურად არ არსებობს გამოკვეთილი ძლიერი მოთამაშე და ბაზარი სრულად ფრაგმენტირებულია, ჩვენ გვეძლევა საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებით შესვლისა და დამკვიდრების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.



NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები