მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი „მთავარ არხთან“ დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს

610101bcab743
ინგა მურუსიძე
28.07.21 11:05
844
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „მთავარ არხთან“ დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს.

შეგახსენებთ: „მთავარმა არხმა“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ დაქირავებულ სარეკლამო კომპანია „გაყიდვების ოფისში“ საგადასახადო სამსახური შევიდა, რასაც ფინანსთა მინისტრის საჯარო პოსტი და შემოსავლების სამსახურის განცხადებაც მოჰყვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით და მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო. მათივე ინფორმაციით, ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც.

“აქა ამბავი, როგორ გადაწყვიტა საგადასახადომ ჩვენს მიერ ატეხილი ხმაურის გადაფარვა: ხომ თქვეს, 500 შემთხვევითი შერჩევით კომპანიაში შევედითო. ეს ჩვენ დღის 12:00 საათზე ვიცოდით. მერე ყარეს სრული სისულელე განცხადებები. არ უშველათ და აგერ 2 საათის წინ რ2ის და იმედის საერთო გაყიდვების სახლს (“დი ეს კაპიტალი”) აცნობეს, რომ ისინიც შემთხვევით შერჩეულ 500ში არიან. უბრალოდ, ათი საათის შემდეგ მოხდა ეგ. დააბალანსეს ბიჭებმა”, - დაწერა მოგვიანებით "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ facebook-ში თავის გვერდზე.


გვარამიას პოსტს დღეს მორიგი პოსტითვე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და განაცხადა, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელი და ყალბია.

„ამასობაში კიდევ ერთი გადაუმოწმებელი და ყალბი ნიუსი გავრცელდა, თითქოს სხვა სარეკლამო კომპანიამ 10 საათის შემდეგ მიიღო შეტყობინება საგადასახადო შემოწმებაზე.
ამჯერად ასეთი ამბავია:

„მთავარი არხის“ ე.წ. "გაყიდვების სახლის" საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია 23 ივლისს, ამავე დღეს არის გაგზავნილი ელექტრონულად და გადამხდელს გახსნილი აქვს შეტყობინება 27 ივლისს 11:11 საათზე.

რაც შეეხება ინფორმაციაში ნახსენებ კომპანიას, მისი საგადასახადო შემოწმების ბრძანება გამოცემულია 21 ივლისს, ამავე დღეს არის გაგზავნილი ელექტრონულად და გადამხდელს გახსნილი აქვს შეტყობინება 22 ივლისს.

ინფორმაციაში ნახსენები კომპანიის შემოწმების ბრძანება გამოცემულია და ელექტრონულად გაგზავნილი 2 დღით ადრე და არა 10 საათის შემდეგ. გაუგებარია, ან ამით რისი დამტკიცების მცდელობას აქვს ადგილი, მაგრამ თავად მოწოდებული ინფორმაციაც არის ტყუილი“, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები