მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლიფტების გაუმართაობა სისტემური პრობლემაა“ - სანდრო შელია უბედურ შემთხვევაზე

63c2d6731ebe3
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.23 20:12
3022
ლიფტების ინსპექტირების კომპანია "სი ეი ინთერნეიშენალის" გენერალური დირექტორი დღეს, ვაზისუბანში, ლიფტის შახტაში ცოლ-ქმრის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაირკვეს ჩატარებული იყო თუ არა ლიფტის მოდერნიზების შემდეგ ინსპექტირება და თუ გამომჟღავნდა რაიმე სახის შეუსაბამობა ამ პროცესში. ამ საკითხზე ლიფტების უსაფრთხოების ექსპერტმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ ერთი დეტალი მოვისმინეთ, რომლის მიხედვით ლიფტის კარი გაიღო და იქ ლიფტი არ იყო. ეს ის გარემოებაა, რომელიც ხშირად მეორდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მექანიკური ჩამკეტი მოწყობილობა, რომელიც ლიფტის იქ ყოფნას აფიქსირებს და რომელიც კარებს საშუალებას არ აძლევს გაიღოს, მოშლილი იყო. გასარკვევია მოდერნიზაციის დროს თუ დაზიანდა ეს მოწყობილობა და ჩატარდა თუ არა მოდერნიზაციის შემდეგ სავალდებულო ინსპექტირება და თუ ჩატარდა დაფიქსირდა თუ არა ეს პრობლემა ინსპექტირების დროს, თუ ეს ისეთი პრობლემაა რომელიც ინსპექტირებისას ვერ გამომჟღავნდებოდა“, - განმარტა შელიამ.

ლიფტების ინსპექტირების კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ლიფტების გაუმართაობა თბილისში სისტემური პრობლემაა. ჩვენი კომპანია სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ორგანოა, რომელსაც ლიფტების ინსპექტირება შეუძლია. მისივე ინფორმაციით, ლიფტების ინსპექტირება სამ წელიწადში ერთხელ უნდა ხორციელდებოდეს, თუმცა მონიტორინგის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

„სახელმწიფო რეგლამენტისა და კანონმდებლობის მიხედვით ამ ტიპის ობიექტები სამ წელიწადში ერთხელ უნდა ინსპექტირდებოდეს, თუმცა თბილისსა და სხვა ქალაქებში ათასობით ლიფტი, რომელიც უფრო მეტი საფრთხის შემცველია, ინსპექტირებას არ გადის. ეს არ არის იმ ტიპის პრობლემა, რომლის მოგვარება ამხანაგობას ან რომელიმე კერძო კომპანიას შეუძლია. ეს ისეთი მასშტაბის პრობლემაა, რომლის მოგვარება მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია.

კანონმდებლობით ლიფტი ამხანაგობას ეკუთვნის და ისაა პასუხისმგებელი ლიფტის გამართულობასა და ინსპექტირების გავლაზე. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს უბედური შემთხვევები თვიდან თვემდე მეორდება, მეტყველებს იმაზე რომ ეს სისტემური პრობლემაა. ამხანაგობას ხშირად არ აქვს ლიფტის შეკეთების რესურსი, მეორე - ჯეროვანი ინსპექტირების გარეშე შეუძლებელია ამ ობიექტის საშიშროების დონის დადგენა.

თბილისში არსებული 13 000 ლიფტიდან, მინიმალური რაოდენობა ინსპექტირდება, ეს არის ლიფტები ახალაშენებულ კორპუსებში, რადგან კორპუსების ჩაბარების დაინტერესება აქვთ მათ. რაც შეეხევა პერიოდულ ინსპექტირებას, რომელმაც ამ ტიპის ობიექტების საფრთხე უნდა გამოავლინოს, ასეთი ინსპექტირებები არ ტარდება და ამის შესახებ მერიამაც კარგად იცის“, - განმარტავს "სი ეი ინთერნეიშენალის" გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, ვაზისუბანში ლიფტის შახტაში 40 წლამდე ცოლ-ქმრის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ცოლ-ქმარმა ლიფტი გამოიძახა, მისი მოსვლის შემდეგ კი კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები