კახეთში მოქმედი ერთ-ერთი დიდი ტურისტული კომპლექსი Lopota Lake Resort & Spa 2022 წლის ზაფხულის სეზონს სიახლეებით ხვდება. მიმდინარე წელს სასტუმრო კომპლექსის განვითარებისთვის, კომპანია ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს.
BM.GE-სთან „ლოპოტა სპა რეზორტის“ სიახლეებზე საუბრისას სასტუმროს კომერციული დირექტორი მაკა ღლიღვაშვილი ამბობს, რომ ინვესტიციის ნაწილი უკვე განხორციელებულია და ზაფხულის სეზონის დასაწყისისთვის 5 სასტუმრო შენობის 54 ნომრის განახლება მოხდა.
„ლოპოტა სპა რეზორტი“ ტრადიციულად სხვადასხვა სეზონს სიახლეებით ხვდება. ამჯერად სასტუმროს 5 ძველი შენობა სრულად განახლდა როგორც სასტუმრო ნომრები, ასევე ტერასები. მარჯვენა სანაპიროზე არსებული კორპუსები ზუსტად იმავე დიზაინით განვაახლეთ როგორიც მე-15 კორპუსის ახალი სასტუმროს პრემიუმ კლასის ნომრებია“, - აღნიშნა მაკა ღლიღვაშვილმა.
განახლებული ნომრების გარდა, წელს „ლოპოტა სპა რეზორტზე“ ჩასული დამსვენებელს აზიური რესტორანი „იკე“-ც უმასპინძლებს, რომელიც ცენტრალური ლოპოტადან მოშორებით მდებარეობს და აქტიური დასვენების მსურველებს ხმაურიანი საღამოების მოწყობის შესაძლებლობასაც აძლევს.
„იკე“ იაპონურად პატარა ტბას ნიშნავს. მოვაწყვეთ რესტორანთან პატარა ტბა, რომელიც მთის წყლით ივსება. თავად ლოპოტას ტბაზე დამსვენებელს ცურვის რეკომენდაციას არ ვაძლევთ, თუმცა ამ ტბაზე სანაპირო მოეწყო და სტუმრებს ტბაში ჩასვლის შესაძლებლობაც აქვთ. ამ რესტორანს აზიური კონცეფცია აქვს და მსურველებს დახურული ღონისძიების ორგანიზება, წვეულებების მოწყობა შეუძლიათ.
სხვა სტუმრებისთვის დისკომფორტი რომ არ შეგვექმნა და მყუდროება რომ არ დაგვერღვია, ცენტრალური ლოპოტადან მოშორებით, ხმაურიანი და ახალგაზრდული ადგილი შევქმენით“, - აღნიშნა სასტუმრო კომპლექსის კომერციულმა დირექტორმა.
რესტორანს გალა საღამოების ფორმატში - 250 ადამიანის მიღება, ხოლო თავისუფალი ღონისძიებისას 400 ადამიანის გამასპინძლება შეუძლია.
„ლოპოტა სპა რეზორტის“ განვითარების გეგმები შემოდგომითაც გაგრძელდება.
„კომპლექსის ტერიტორიაზე, სექტემბრისთვის ჩვენ ჩოგბურთის პროფესიულ კორტებს გავხსნით, 4 ღია და ერთი დახურული დარბაზით. გახსნის შემდეგ კი ლოპოტაზე მასშტაბური ჩოგბრუთის ჩემპიონატი მოეწყობა“, - უთხრა მაკა ღლიღვაშილმა BM.GE-ს.
დღეისთვის სასტუმრო კომპლექსი 232 ნომერს მოიცავს და ზაფხულის სეზონზე 350 ადამიანს ასაქმებს. სასტუმროში განთავსების საშუალო ღირებულება საუზმისა და დღგ-ს ჩათვლით, ზაფხულის სეზონზე 210 დოლარია. „ლოპოტა სპა რეზორტზე“ 2022 წელს აქტიურ ზაფხულის ტურისტულ სეზონს ელიან. სასტუმრო კომპლექსის ამჟამინდელი დატვირთულობა კი 90%-მდეა.