მუნიციპალიტეტს ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზის ექსპერტიზა მომხდარიყო, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიამ განაცხადა.
მისი თქმით, მერიას ბარდებოდა ყველა ეტაპი ნაწილ-ნაწილ, გაკეთებისთანავე და ყველა ეტაპს ახლდა საექსპერტო დასკვნა, რომელსაც ხელს აწერდა სახელმწიფო ექსპერტი.
"ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენგანი მზად ვართ, აგოს პასუხი, თუკი რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება. რაც შეეხება პროცესს, როგორც გარემოს დაცვის, ისე სხვა ნებისმიერი საქალაქო სამსახური და სახელმწიფო უწყება ერთნაირად აწარმოებს საქმეს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებით. ჩვენ შევადგინეთ ტექნიკური დავალება ამ რეაბილიტაციის პროექტზე, რომელშიც ჩადებული იყო ყველა ნორმა თუ სტანდარტი, რაც მოქმედებს ქვეყანაში. ამის შემდეგ შემუშავდა პროექტი და მოხდა მისი ექსპერტიზა, რომელიც ჩაბარდა დედაქალაქს.
ჩვენ არ შეგვისყიდია ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი, ჩვენ შევისყიდეთ კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავდა ყველა საჭირო კომპონენტს პროექტირების დონეზე. როცა პროექტის განხორციელება დაიწყო, გარკვეული ეტაპები ჩაბარდა დედაქალაქს. რამდენიმე ასეთი კომპონენტი ჩაბარდა და ყველა მათგანი არის დაექსპერტებული“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისივე თქმით, საქალაქო სამსახური ამოწმებს არის თუ არა ექსპერტი აკრედიტებული, აქვს თუ არა საქმიანობის უფლება და ამოწმებს დასკვნის შინაარს.
„ყველა ექსპერტიზაში ცალსახად ეწერა, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება პროექტს და ეს პროექტი არის შესრულებული ყველა სამშენებლო ნორმის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენ თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ უარი ეთქვათ მიღება-ჩაბარებაზე. მუნიციპალიტეტს ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზის ექსპერტიზა მომხდარიყო. ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონდა შესაბამისი ლეგიტიმაცია სახელმწიფო ექსპერტის მიერ გაკეთებულ დასკვნაზე.
ჩვენ ვხელმძღვანელობთ კანონმდებლობით, კანონმდებლობით კი მოვითხოვეთ სამხარაულის ან სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული A-კატეგორიის ექსპერტის დასკვნა“, - განაცხადა კალაძის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, რომლის პროექტიც ექსპლუატაციაში მერიას უკვე მიღებული ჰქონდა, მოზარდებს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ერთი მოზარდი გარდაიცვალა. მოზარდები ვაკის პარკში თამაშობდნენ, მათ ბურთი წყალში ჩაუვარდათ და ამოსაღებად როცა ჩავიდნენ, დენმა დაარტყათ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გრძელდება, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.