მესტიაში ახალი სასტუმრო Mestia Villas გაიხსნა, რომელიც სამ კოტეჯს აერთიანებს. მას 15 სტუმრის მიღების შესაძლებლობა აქვს. როგორც მისი დამფუძნებელი მარიამ ილდანი BM.GE-თან საუბრისას ამბობს, 10 იანვრის ჩათვლით ყველა ნომერი დაჯავშნილია.
მისივე ცნობით, მაღალი მოთხოვნის გამო, სამომავლოდ გაფართოება და ღია საცურაო აუზის მოწყობაც იგეგმება.
„ორი კვირაა რაც ჩვენი სასტუმრო გაიხსნა, აქამდე გესთჰაუსი გვქონდა და მაღალმა მოთხოვნამ გადაგვაწყვეტინა, რომ დამატებითი, დამოუკიდებელი სივრცე შეგვექმნა, ამაში ძალიან დიდი ენერგია ჩავდეთ, მთელი სულით და გულით ვაკეთებდით და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ წარმატებულიც იქნება.
კოტეჯებთან ახლოს გვაქვს ჩვენი რესტორანი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ოპერირებს და ქართულ ტრადიციულ კერძებს ამზადებს. იმ შემთხვევაში, თუ სტუმარს კვება სურს, ჩვენ ან რესტორანში ვმასპინძლობთ ან მოთხოვნის შესაბამისად, შეგვიძლია, რომ შეკვეთა მივიღოთ და კერძი კოტეჯში მივუტანოთ", - განაცხადა მარიამ ილდანმა.
რაც შეეხება გამოწვევებს, Mestia Villas-ის დამფუძნებელი გვიყვება, რომ მესტიაში ყველაზე დიდი პრობლემა დამხმარე კადრების პოვნაა.
„ყველაზე დიდი გამოწვევა მშენებლობის პროცესში მუშა-ხელის შოვნა და დამხმარე კადრების პოვნა იყო, მესტიაში ზოგადად ძალიან ჭირს ხელოსნები და მსგავსი პროფესიის მქონე ადამიანები, ამან კი გახსნის პროცესი გადაგვივადა. ივლისში უნდა გაგვეხსნა და გავხსენით დეკემბერში", - ამბობს მარიამ ილდანი.
ინფორმაციისთვის, Mestia Villas კოტეჯში ღამის გატარების ღირებულება 350 ლარია, ხოლო სასტუმროს შექმნისთვის საჭირო ინვესტიცია 300 000 ლარს შეადგენდა, რომლის ნაწილიც ბანკის სესხი, მეორე ნაწილი კი დამფუძნებლების პირადი ინვესტიცია იყო.