ორი კვირის წინ ამოქმედებული სასტუმრო Mestia Villas-ს დამფუძნებელი მარიამ ილდანი BM.GE-თან საუბრისას აცხადებს, რომ ელექტროენერგიის შეზღუდვის პრობლემა რეგიონში სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის კვლავ მთავარი გამოწვევაა.
„ახალი წლის პერიოდში დატვირთვა გაიზარდა და ახლა შუქი ყოველდღიურად ქრება. რამდენიმე წუთი გაითიშება, შემდეგ ჩაირთვება და მერე ისევ ითიშება. ამ ეტაპზე გენერატორები არ გვაქვს, მაგრამ სასტუმროს ფუნქციონირებისთვის მესტიაში ეს აუცილებელია", - აცხადებს მარიამ ილდანი და დასძენს, რომ მცირე თოვლის გამო მესტიაში სათხილამურო ტრასები დღემდე არ გახსნილა.
ცნობისთვის, გასული წლის 9 თვეში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა. კერძოდ, როგორც BMG-ის "ენერგო-პრო ჯორჯიაში" რამდენიმე თვის წინ განუცხადეს, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 87,777,811 კვტ.სთ იყო, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში 70,891,626 კვტ.სთ.
მოხმარების ზრდას მესტიაში კრიპტოვალუტების გამომუშავებას და მაინერებს უკავშირებენ, რომელიც წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება. როგორც გასული წლის ზაფხულში მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი BM.GE-თან აცხადებდა, იმის გამო რომ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია, დენის ახალი დაერთებები ვეღარ ხორციელდება, შესაბამისად, ახალი სასტუმროებისთვის საკმარისი ელექტროენერგია აღარ არის. ამასთან, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება განსაკუთრებით მწვავედ ზამთრის პერიოდში დგას, ვინაიდან ჭარბი მოხმარების გამო ადგილზე ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ხშირია.