მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსესხებლების 10%-ს ბანკის ვადაგადაცილებული ვალდებულება აქვს - სტატისტიკა

613f1f5da6863
შოთა ტყეშელაშვილი
13.09.21 19:52
1257
კრედიტინფო საქართველოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში საბანკო მსესხებლების 10%-ს ვადაგადაცილებული სესხი/სესხები უფიქსირდება.

სტატისტიკაში შედის 30 დღიდან 3 წლამდე ვადით გადაცილებული სესხები. მისი მიხედვით, დღეისთვის ბანკებში 1.59 მილიონი აქტიური მსესხებელი ფიქსირდება, რომელთა მთლიანი საკრედიტო პორტფელიც 26.88 მილიარდი ლარია. მათ შორის 30 დღიდან 3 წლამდე ვადის ვადაგადაცილებულია 160,447 მსესხებლის 1.15 მილიარდი ლარის ვალდებულებები.

სტატისტიკის თანახმად, ვადაგადაცილებული მსესხებლების რაოდენობა მთლიანად მსესხებელთა რაოდენობის 10%-ია, ხოლო მათი ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობა კი გაცემული სესხების 4%-ს შეადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ უმეტესად, ვადაგადაცილების მაღალი მაჩვენებელი მიკრო-სესხების სეგმენტში ფიქსირდება.

კრედიტინფოს მონაცემებით, ერთი საშუალო ვადაგადაცილებული სესხის მოცულობა 7,169 ლარს შეადგენს.

კრედიტინფოს სტატისტიკა ბანკების გარდა მისო-ების და სესხის გამცემი სხვა სუბიექტების მონაცემებსაც შეიცავს. მისი მიხედვით, ამ ობიექტებში სულ 558,109 აქტიური სესხი ფიქსირდება, რომელთა მოცულობაც 1.76 მილიარდი ლარია. აქედან მსესხებელთა 18%-ს ანუ, 100,245 მსესხებელს 30 დღიდან 3 წლამდე ვადის ვადაადაცილება უფიქსირდება. ამ სესხების ჯამური მოცულობა კი 233 მილიონი ლარია, რაც გაცემული პორტფელის 13%-ია. სტატისტიკის თანახმად, ერთი ვადაგადაცილებული სესხის საშუალო მოცულობა 2,321 ლარია.

რაც შეეხება ახალ ვადაგადაცილებებს, აგვისტოში საბანკო სისტემაში 7,890 ახალ მსესხებელს დაუფიქსირდა ვადაგადაცილება, ხოლო სესხის გამცემ სხვა სუბიექტებში კი აგვისტოში 7,048 ახალი ვადაგადაცილება დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები