წელს ავიახაზების სექტორში აშშ-ში დაფუძნებული კომპანიები ლიდერობენ. რეიტინგის პირველ ადგილს Delta Airlines იკავებს, რომელიც $73 მილიარდის აქტივებს ფლობს და ბაზარზე $28 მილიარდადაა შეფასებული. გასულ წელს კომპანიამ $35 მილიარდის შემოსავალი და $516 მილიონის მოგება მიიღო.
$27-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციითა და $38 მილიარდად შეფასებული აქტივებით ავიახაზების რეიტინგის მეორე ადგილს Southwest Airlines იკავებს, ამერიკულმა კომპანიამ გასულ წელს $15 მილიარდის შემოსავალი და $978 მილიონის მოგება მიიღო.
მესამე ადგილზე ასევე ამერიკული United Airlines-ია, კომპანია $69 მილიარდის აქტივებს ფლობს და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 17 მილიარდ დოლარს აღწევს. გასულ წელს კომპანიამ $29 მილიარდის შემოსავალი მიიღო, თუმცა მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და $2-მილიარდიანი ზარალი განიცადა.

ავიამწარმოებელი კომპანიების საერთაშორისო რეიტინგში პირველ ადგილს ამერიკული Raytheon იკავებს, რომელიც $161-მილიარდიანი აქტივებით ბირჟაზე $150 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. კომპანიამ გასულ წელს $64 მილიარდის შემოსავალი და $4 მილიარდის მოგება მიიღო.
რეიტინგში მეორე ადგილზე უმსხვილესი ევროპული ავიამწარმოებელი კომპანია Airbus-ია, რომელიც $130 მილიარდის აქტივებს ფლობს და $88 მილიარდადაა შეფასებული. Airbus-მა $61 მილიარდის შემოსავლისა და $5 მილიარდის მოგების მიღება შეძლო.
მესამე ადგილზე ამერიკული Lockheed Martin-ია. F-35-ების მწარმოებელ კომპანიას $118-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს და ის $51 მილიარდის აქტივებს ფლობს. გასულ წელს კომპანიამ $65 მილიარდის შემოსავალი და $6 მილიარდის მოგება მიიღო.
