მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტები - TOP 10

641f359990581
ლიკა მეგუთნიშვილი
25.03.23 21:42
4578
საგანმანათლებლო პლატფორმა World scholars hub მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტების რეიტინგს აქვეყნებს. ირკვევა, რომ ერთი სასწავლო წლის ღირებულება ასეთ უნივერსიტეტებში 64 000 დოლარიდან იწყება.

რეიტინგში პირველ ადგილს კალიფორნიაში მდებარე ჰარვი მუდის კოლეჯი იკავებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტია, სადაც სწავლის საფასური 80 036 დოლარია. 1955 წელს დაარსებული კერძო კოლეჯი Forbes- ის საუკეთესო სკოლების რეიტინგში მე-18 პოზიციას იკავებს, მას აქვს უმაღლესი დოქტორანტურა მეცნიერებაში და როუზ ჰალმანის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის პარტნიორია. გარდა ამისა, US News-მა ჰარვი მუდის ბაკალავრიატის საინჟინრო პროგრამა აშშ-ში საუკეთესოდ დაასახელა. კოლეჯი ცხრა საინჟინრო მეცნიერებასა და მათემატიკაზე დაფუძნებულ ძირითად სპეციალობებთან ერთად, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა კურსებსაც მოიცავს. 

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტებს შორისაა 1876 დაარსებული ჯონს ჰოპკინსის კერძო ამერიკული კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც ბალტიმორში, მერილენდის შტატში მდებარეობს. ერთი აკადემიური წლის ღირებულება 68 852 დოლარი ღირს. ის პირველი კვლევითი უნივერსიტეტია შეერთებულ შტატებში, რომელიც უფრო მეტ ინვესტიციას დებს კვლევებში, ვიდრე ნებისმიერი სხვა ამერიკული უნივერსიტეტი. ჰოპკინსის უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლისა და კვლევის კომპლექსურ მოდელს სთავაზობს. მას 10 სასწავლო კვლევითი-ცენტრი აქვს მათ შორის, ორი საერთაშორისო ცენტრი ჩინეთსა და იტალიაში.

ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტების რეიტინგში მესამე ადგილს ნიუ-იორკში გრინვიჩ ვილიჯში მდებარე პარსონსის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი იკავებს, რომელიც ამერიკის The new school-დან ერთ-ერთია. 1896 წელს დაარსებული კოლეჯი, პირველი უმაღლესი დაწესებულებაა, რომელმაც სტუდენტებს მოდის დიზაინის, რეკლამის, ინტერიერის დიზაინისა და გრაფიკული დიზაინის პროგრამები შესთავაზა. დროთაა განმავლობაში კი, უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს არქიტექტურული დიზაინი, კურატორული კვლევები, ტექსტილის დიზაინი და ურბანული ეკოლოგია დაემატა. დაარსების დღიდან პარსონსი ლიდერობას არ კარგავს და მას ხელოვანები მუდმივად ახალ შემოქმედებით სიმაღლეზე აჰყავს. ერთი სასწავლო წლის საფასური პარსონსის დიზაინის სკოლაში $67,266-ს შეადგენს.

რეიტინგში მე-4 პოზიციას შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჰემფშირში მდებარე დარტმუტის კოლეჯი იკავებს, რომელიც ელეაზარ უოლკმა 1769 წელს დააარსა. კოლეჯი მეცხრე უძველეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა შეერთებულ შტატებში და ერთ-ერთია იმ ცხრა სკოლიდან, რომელიც ამერიკის რევოლუციამდე დაარსდა. დარტმუტის კოლეჯი პირველ ადგილზეა ნიუ ჰემფშირის საუკეთესო კოლეჯებს შორის, რომელსაც 40-ზე მეტი საბაკალავრო მიმართულება და ასევე ხელოვნებისა და მეცნიერების, მედიცინის, ინჟინერიისა და ბიზნესის სამაგისტრო სკოლები აქვს. უნივერსიტეტი სტუდენტებს იმის შესაძლებლობასაც აძლევს, რომ სურვილის მიხედვით, უნიკალური პროგრამები თავად შეარჩიონ. ერთი აკადემიური წლის ღირებულება დარტმუტის კოლეჯში 67 044 დოლარია.

რეიტინგში მეხუთე ადგილზე ნიუ-იორკში მდებარე კოლუმბიის უნივერსიტეტია. 1754 წელს დაარსებული უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებელია შეერთებულ შტატებში. კოლუმბიასთან ასოცირდება ნობელის პრემიის ყველაზე მეტი ლაურეატი. ერთი სასწავლო წლის ღირებულება აქ 66 383 დოლარს შეადგენს. 

ყველაზე ძვირადღირებულ უმაღლეს სასწავლებლებში მე-6 ადგილს ნიუ-იორკის უნივერსიტეტი იკავებს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული კერძო კვლევითი უნივერსიტეტია აშშ-ში. მისი მთავარი კამპუსი, მანჰეტენის გრინვიჩ-ვილიჯის რაიონში მდებარეობს. უნივერსიტეტი 1831 წელს, ალბერტ გალატინისა და გავლენიანი ნიუ-იორკელების ჯგუფის მიერ დაარსდა და იგი მსოფლიოს 32 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა. გამოირჩევა სოციალური მეცნიერებების, სახვითი ხელოვნების, საექთნო და სტომატოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებით. ერთი აკადემიური წლის ღირებულება აქ 65 860 დოლარს შეადგენს.

რეიტინგში მე-7 პოზიციაზე სარა ლოურენსის კოლეჯია. აივი ლიგის კოლეჯი კერძო, თანასაგანმანათლებლო ლიბერალური ხელოვნების კოლეჯია, რომელიც ნიუ-იორკში, მანჰეტენის ჩრდილოეთით დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს. მისი ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდი საშუალებას აძლევს სტუდენტებს აირჩიონ სწავლის მათთვის სასურველი მოდელი, რაც მას აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლიბერალური ხელოვნების კოლეჯად აქცევს. სტუდენტებს ასევე შეუძლიათ შეიმუშაონ საკუთარი პროგრამები მათი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. სარა ლოურენსის კოლეჯში უმაღლესი განათლების მიღება 65 443 დოლარად არის შესაძლებელი.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ უნივერსიტეტებს შორის მე-8 ადგილზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტია. მიტი-როგორც უნივერსიტეტს მეორენაირად უწოდებენ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. მის ყველაზე მნიშვნელოვან ლაბორატორიებსა და აკადემიურ განყოფილებებს შორისაა ლინკოლნის ლაბორატორია, ელექტრონიკის კვლევითი ლაბორატორია, კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, მედიის ლაბორატორია და სხვა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის 93 ნობელის პრემიის ლაურეატი და 26 ტურინგის ჯილდოს მფლობელია. აქ სწავლის საფასური 65 500 დოლარია.

რეიტინგში მე-9 პოზიციაზე ჩიკაგოს კერძო კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც 1890 წელს ბაპტისტური საგანმანათლებლო საზოგადოების მიერ ნავთობ მაგნატის ჯონ როკფელერის ფინანსური ხელშეწყობით დაარსდა. ხელოვნებისა და მეცნიერების გარდა, კოლეჯი ცნობილია სხვა პროფესიონალური სკოლებითაც, როგორებიცაა: პრიცკერის მედიცინის სკოლა, ბიზნესის სკოლა, სამართლის სკოლა, სოციალური სერვისების ადმინისტრირების სკოლა და სხვა. ჩიკაგოს უნივერსიტეტი მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულშიც შედის და მის კურსდამთავრებულთა შორის არაერთი ცნობილი ბიზნესმენია. სწავლის საფასური კი, 64 965 დოლარს შეადგენს.

რეიტინგის ათეულს კლერმონტ მაკკენის კოლეჯი ხურავს, რომელიც კალიფორნიაში, აღმოსავლეთ ლოს-ანჯელესში მდებარეობს. კოლეჯი დიდ აქცენტს აკეთებს ეკონომიკის, ბიზნესის მენეჯმენტის, პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებებზე, რასაც მისი დევიზიც მოწმობს: „ცივილიზაცია მხოლოდ კომერციის მეშვეობით აყვავდება“. მაკკენის კოლეჯის საკუთრებაში თერთმეტი საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევითი ცენტრია, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტებს არამყარ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში მყარი მსოფლმხედველობა შეუქმნას. ერთი სასწავლო წლის ღირებულება მაკკენის კოლეჯში 64 325 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები