მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი მსოფლიოში?

64c69e97a4a4e
ლიკა მეგუთნიშვილი
31.07.23 00:00
2199
Times Higher Education წლის ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების სიას აქვეყნებს. რეიტინგის შესადგენად 40 000-მდე მეცნიერს იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დასახელება სთხოვეს, რომელიც წამყვან ადგილს იკავებენ, როგორც სამეცნიერო ნაშრომებისა და კვლევების განხორციელების, ასევე სწავლების კუთხით. გარდა ამისა, კვლევის ავტორებმა 15,5 მილიონზე მეტი კვლევითი პუბლიკაციაც განიხილეს. ამ მონაცემების მიხედვით, რეიტინგში 104 ქვეყნიდან 1,799 უნივერსიტეტი მოხვდა.

Times Higher Education-ის რეიტინგში ზედიზედ მეშვიდე წელია, რაც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის ტიტულს, ინგლისურენოვანი სამყაროს უძველესი საგანმანათლებლებლო დაწესებულება, ოქსფორდის უნივერსიტეტი ატარებს. უნივერსიტეტი 44 კოლეჯსა და 100-ზე მეტ ბიბლიოთეკას მოიცავს, სტუდენტთა რიცხვი კი დაახლოებით 22 000-ს შეადგენს, საიდანაც ნახევარი ბაკალავრიატის სტუდენტები არიან. რაც შეეხება საერთაშორისო სტუდენტებს, ისინი 140 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილები და მათი წილი, სტუდენტების ჯამური რაოდენობის 40%-ს შეადგენს. უნივერსიტეტი თანამედროვე კვლევებზეა ორიენტირებული, მთავარი მიმართულებები - მეცნიერება და ხელოვნებაა, ხოლო ოქსფორდის სამედიცინო მიმართულება მსოფლიოში საუკეთესოდ სახელდება. უნივერსიტეტში სწავლის საფასური საშუალოდ 62 000 დოლარს შეადგენს.

მეორე ადგილს წლებია სტაბილურად ჰარვარდის უნივერსიტეტი ინარჩუნებს და ის მსოფლიო დონის უნივერსიტეტად გავლენის, პრესტიჟისა და აკადემიური მემკვიდრეობის თვალსაზრისით სახელდება. აივი ლიგის კერძო კვლევით უნივერსიტეტი მასაჩუსეტსის შტატში 5000 ჰექტარ ფართობზე განთავსებულ კამპუსს ფლობს, რომელშიც 12 სკოლა, რედკლიფის მოწინავე კვლევითი ცენტრი, ორ თეატრი, ხუთი მუზეუმი და მსოფლიოში ყველაზე დიდი აკადემიური ბიბლიოთეკაა განთავსებული. კამპუსში 400-ზე მეტი სტუდენტური ორგანიზაცია ერთიანდება, ჰარვარდის სამედიცინო სკოლა კი აშშ-ს 10-ზე მეტ წამყვან საავადმყოფოსთან არის დაკავშირებული. სტუდენტების რაოდენობა აქ 21 887-ს შეადგენს, მათგან 25%-ი კი საერთაშორისო სტუდენტები არიან. უნივერსიტეტში სწავლის საფასური საშუალოდ 47 000 დოლარს შეადგენს.

რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა კემბრიჯის უნივერსიტეტმა და შარშანდელი მე-5 ადგილიდან წელს მესამეზე გადმოინაცვლა. 800-წლიანი ისტორიის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დღეს 20,185 სტუდენტს უყრის თავს, საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა კი ამ რაოდენობის 39%-ს შეადგენს. კემბრიჯის უნივერსიტეტი 6 სკოლასა და ჯამურად 150-ზე მეტ ფაკულტეტს აერთიანებს, ეს სკოლებია: ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ბიოლოგიური მეცნიერებები, კლინიკური მედიცინა, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ფიზიკური მეცნიერებები და ტექნოლოგია. უნივერსიტეტი ასევე ცხრა ხელოვნების, სამეცნიერო და კულტურულ კვლევით-მუზეუმს აერთიანებს, რაც სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის მიღების საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს. უნივერსიტეტში სწავლის საფასური დაახლოებით 40 000 დოლარია.

მეოთხე ყველზე პრესტიჟული უნივერსიტეტი მსოფლიოში აშშ-ში, სილიკონ ველის შუაგულში მდებარე სტენფორდის უნივერსიტეტია. უნივერსიტეტი საბაკალავრო კოლეჯებთან ერთად სტუდენტებს საინჟინრო, იურიდიულ, სამედიცინო, ბიზნესის, ბუნებისმეტყველებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების სკოლებს სთავაზობს. კვლევები მრავალ დარგში ტარდება, მათ შორის ანთროპოლოგიაში, რობოტიკაში, გეოფიზიკასა და ენტომოლოგიაში. სტენფორდის უნივერსიტეტი რამდენიმე აკადემიურ და პროფესიულ სკოლას, ასევე, ათობით ლაბორატორიას აერთიანებს. სტენფორდის შვილობილი კომპანიებისა და კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიები ჯამურად 2,7 ტრილიონ დოლარზე მეტ წლიურ შემოსავალს ქმნიან. ამ კომპანიებს შორისაა: Nike, Netflix, Hewlett-Packard, Instagram, Snapchat, PayPal და Yahoo და ა.შ. რაც შეეხება სტუდენტების რაოდენობას სტენფორდში ამჟამად 16,164 სტუდენტი სწავლობს, საიდანაც 24% საერთაშორისო სტუდენტები არიან. სწავლის საფასური კი საშუალოდ 51 000 დოლარს შეადგენს.

რეიტინგის ხუთეულს კი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ხურავს. რომელიც ამჟამად ხუთ სკოლას ერთიანებს, ესენია: არქიტექტურა და დაგეგმარება, ინჟინერია, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ხელოვნება და სოციალური მეცნიერებები, მენეჯმენტი და მეცნიერება. MIT მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. მის ყველაზე მნიშვნელოვან ლაბორატორიებსა და აკადემიურ განყოფილებებს შორისაა: ლინკოლნის ლაბორატორია, ელექტრონიკის კვლევითი ლაბორატორია, კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, მედიის ლაბორატორია და ა.შ. MIT-ში აკრედიტებული სამეცნიერო აღმოჩენები და ტექნოლოგიური მიღწევები მოიცავს მათ შორის: პენიცილინის პირველ ქიმიურ სინთეზს, რადარის განვითარებას, კვარკების აღმოჩენას და მაგნიტური ბირთვის მეხსიერების გამოგონებას, რამაც შესაძლებელი გახადა ციფრული კომპიუტერების განვითარება. უნივერსიტეტში ამჟამად 11, 415 სტუდენტი სწავლობს, მათგან 33% კი, საერთაშორისო სტუდენტია. სწავლის საშუალო ღირებულება კი, 65 500 დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები