საქართველოს პარლამენტში შევიდა საადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიისთვის საგადასახადო შეღავათის მოქმედებას 2026 წლამდე ახანგრძლივებს. საუბარია თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისან გათავისუფლების შეღავათზე.
ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ამ საგადასახადო შეღავათის შედეგად, კომპანიები, რომლებიც ადგილობრივი წარმოებით არიან დაკავებული წლიურად 1.4 მილიონ ლარს დაზოგავენ. ცვლილება დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს.
“პროექტის შესაბამისად, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება იმპორტის გადასახადში არსებული შეღავათი, რომელიც შეეხება თამბაქოს ნედლეულის იმპორტს; საქართველოში თამბაქოს ნედლეულის გათავისუფლების გადავადებას დადებითი ფინანსური გავლენა ექნება იმ პირებზე რომლებიც ახორციელებენ აღნიშნული საქონლის იმპორტს. აღნიშნული საქონლის იმპორტთან დაკავშირებით ბოლო 2 წლის მონაცემების მიხედვით აღნიშნულ პირებს (ჯამურად) არ მოუწევთ საშუალოდ 1 391 450 ლარის ოდენობის იმპორტის გადასახადის გადახდა წლიურად,”- ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განმარტებით ბარათში.
საქართველოში თამბაქოს უმსხვილესი ადგილობრივი მწარმოებელია კომპანია “თბილისის თამბაქო”, რომელიც ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის “სმარტ კაპიტალ ჯგუფის” შემადგენლობაშია. 2021 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 45.6 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 20 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 10 თვეში 208 მილიონი კოლოფი სიგარეტის აქციზური მარკა გაიცა, აქედან 192 მილიონი კოლოფი იმპორტირებული საქონელი, 15.4 მილიონი კოლოფი კი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყო.