მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა რკინიგზის მარეგულირებელ სააგენტოს ქმნის - ბიუჯეტი 1.3 მლნ ლარია

642aa7262808e
შოთა ტყეშელაშვილი
03.04.23 15:40
1175
საქართველოს პარლამენტი სარკინიგზო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რაც ქვეყანაში ახალი მარეგულირებლის დაფუძნებას ითვალისწინებს. საუბარია სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოზე, რომელიც სარკინიგზო სექტორს გაუწევს ზედამხედველობას და მონიტორინგს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2023 წელს უწყების ბიუჯეტი 1.3 მილიონი ლარი იქნება, ხოლო მისი შექმნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებათაგანია. ახალი სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს ქოლგის ქვეშ იქნება მოქცეული. 

“რაც შეეხება სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, მისი დაფუძნება იგეგმება 12 საშტატო ერთეულის შემადგენლობით, წლიური ბიუჯეტი დაფუძნების პირველ წელს კი განისაზღვრება დაახლოებით 1,300,000 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს ძირითადი საშუალებების შეძენის (ავტომობილი, კომპიუტერები და მისი აქსესუარები, პროგრამები, ავეჯი, ჯამურად დაახლოებით 235,000 ლარის ოდენობით) და მარაგების (ჯამურად დაახლოებით 68,000 ლარის ოდენობით), ოფისის იჯარის (დაახლოებით 80,000 ლარი), შრომის ანაზღაურების და მიმდინარე ხარჯებს (ჯამურად დაახლოებით 943,080 ლარი).

აღნიშნული სააგენტოს წლიური საშტატო ბიუჯეტი საპროგნოზოდ შეადგენს 579,480 ლარს. საშუალოვადიან პერიოდში აღარ მოხდება ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯების გათვალისწინება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საჭირო იქნება ადამიანური რესურსის დამატება და შესაბამისად, სააგენტოს საშტატოს გაზრდა, აღნიშნული სააგენტოს საპროგნოზო წლიური ბიუჯეტი განისაზღვრება შემდეგნაირად: 2024 წელს 1,500,000 ლარი, 2025 წელს 1,500,000 ლარი და 2026 წელს 1,500,000 ლარი,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც ცნობილია მთავრობა სარკინიგზო სფეროში კიდევ ერთი მიმართულებით გეგმავს ცვლილების გატარებას, რაც სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირების საქართველოს რკინიგზიდან ცენტრალურ ბიუჯეტზე გადატანას ითვალისწინებს, რაშიც წლიურად 50 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები