მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NAEC.GE გამოცდებისთვის ემზადება - რა ეტაპზეა მზადების პროცესი?

6486e5f01db52
BM.GE
12.06.23 13:38
1362

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად ემზადება 2023 წლის გამოცდების ჩასატარებლად. ცენტრი უახლოეს მომავალში დაიწყებს პროცესის სრულყოფილად ჩატარების მიზნით 24 საგამოცდო ცენტრის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას, - ამის შესახებ NAEC.GE-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში და წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

"საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გათვალისწინებით დასასრულს უახლოვდება პასუხების ფურცლებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების, ასევე დამხმარე მასალების: რუკებისა და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ბეჭდვა და დახარისხება. ამ მასალებთან ერთად მიმდინარეობს საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ნივთების დაკომპლექტება და სხვ. მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის ჩაწერა ლეპტოპებში, ამოწმებენ ხმის გამაძლიერებლებსა და ყურსასმენებს, და აგრეთვე, კალმებს. მალე გამოქვეყნდება საგამოცდო განრიგი, რის შემდეგაც მოხდება გამოსაცდელთა განაწილება საგამოცდო ცენტრებში.

საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისათვის უკვე ჩატარდა მოსამზადებელი ტრენინგები და ამასთანავე ტესტირება. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი სულ მალე დაასრულებს გამოსაცდელთა მოთხოვნების იდენტიფიკაციასა და ანალიზს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნის თაობაზე მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ფორმა N100-ის საფუძველზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ყოველკვირეული საინფორმაციო შეხვედრების (ღია კარის დღეები) გამართვას, როგორც პირისპირ (უკვე ჩატარდა 17 ქალაქში), ასევე ონლაინ რეჟიმში.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა", - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები