საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, ერთკვირიან ჭრილში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 75 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ღირებულებამ კი 71 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟაზე ბარელი Urals-ის ფასი 56 დოლარს აჭარბებს, რაც ერთ კვირაში 1.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსული ნავთობის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ჩინეთში საწარმოო აქტივობის მკვეთრ ზრდასთან. მოგეხსენებათ, ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ნავთობმომხმარებელია, შესაბამისად, მისი ეკონომიკური აქტივობის გააქტიურება პირდაპირ აისახება Urals-ის ფასზე.
მიუხედავად გასულ კვირას დაფიქსირებული მატებისა, აღსანიშნავია, რომ ერთწლიან პერიოდში ბირჟაზე ნავთობი საშუალოდ 33%-ითაა გაიაფებული.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროპული ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე 30 დოლარს შეადგენს, რაც ბოლო ერთ თვეში დაფიქსირებული ვარდნის 25%-იანი მაჩვენებელია და ამჟამად ევროპული გაზის ღირებულება ორწლიან მინიმუმს აღწევს. უშუალოდ გასულ კვირას ევროპის მასშტაბით გაზის ფასი საშუალოდ 8%-ით შემცირდა, ერთწლიან პერიოდში კი გაიაფების მაჩვენებელი 65%-ია.