მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია“ - დარჩიაშვილი რუსეთზე

645bad7054055
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.23 18:45
708
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის გადაწყვეტილება, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელია. ამის შესახებ მან ბრიუსელში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

საქართველოს პირველი დიპლომატი აღნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილებას გაუმარტივებს.

„მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეცვალა რუსეთის ფედერაციამ, რომელიც მათ თავად მიიღეს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით - სწორედ მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა ეს და ნებისმიერი ქვეყანა წყვეტს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი მოქალაქეებისთვის მოხსნას, სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან დაკავშირებულ უვიზო მიმოსვლას - მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, თუ როდის და რა რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული: გადაწყვეტილება, რომელმაც მოუხსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა, მიღებულ იქნა წინა ხელისუფლების დროს და ყველაზე სენსიტიური ის იყო, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველო-რუსეთის ომიდან 2 წლის თავზე იყო მიღებული. როდესაც ჩვენი ოპონენტები ვიზების მოხსნა-დაწესების საკითხზე საუბრობენ, მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების დროს იყო მიღებული და დღეს რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება მოუხსნას ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა.

რაც შეეხება ამ საკითხის ჰუმანიტარულ მხარეს, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის ჩვენი საზრუნავია, მათ შორის ამ შემთხვევაში მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომლებსაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი, რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და რომელიც მათ საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია და მიმოსვლა შეძლონ“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები