მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდების სამეფომ ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა

636d1a40cc636
BM.GE
10.11.22 20:00
527
საქართველო და ნიდერნადების სამეფო მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების თაობაზე შეთანხმდნენ. შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციის ნიდერლანდების ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

ნიდერლანდების სამეფო წამყვანი საზღვაო სახელმწიფოა და ამ დროშით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფლოტი დაცურავს. მეზღვაურებს, რომელთაც სერტიფიკატები საქართველოში აქვთ აღებული, საშუალება ექნებათ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფლოტში დასაქმდნენ. მოლაპარაკება მემორანდუმის გაფორმების თაობაზე ნიდერლანდურ მხარესთან რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობდა და მასში უშუალოდ იყო ასევე ჩართული ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოც.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა დადებითად შეაფასა მემორანდუმის გაფორმება და იმედი გამოთქვა, რომ ამით საზღვაო სფეროში საქართველოს თანამშრომლობა ნიდერლანდების სამეფოსთან ახალ ეტაპზე გადავა. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გატარებულმა რეფორმებმა და გაწეულმა ტექნიკურმა დახმარებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საქართველოს საზღვაო სფეროში სერვისების ხარისხი და მათი ხელმისაწვდომობა.

"ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების განვითარება ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვაო უსაფრთხოების, უშიშროებისა და საზღვაო გარემოს დაცვის სფეროებში", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს მიერ განხორციელებული ძირითადი რეფორმები მოიცავს მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების სისტემის სრულ განახლებას და საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.

აღსანიშნავია, რომ ქართველ მეზღვაურებს უკვე 73 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, რომელთა შორისაა ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები