მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის საზღვაო გზით ტვირთების გადაზიდვა დაიწყო - Armenpress

646b135633bb0
ვიქტორია მღებრიშვილი
22.05.23 11:02
2806
სომხური მედიის ინფორმაციით, ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის საზღვაო გზით ტვირთების გადაზიდვა აპრილიდან დაიწყო.

ArmenPress-ი იუწყება, რომ სომხეთიდან რუსეთში ლარსის გავლით ტვირთების ტრანსპორტირება რიგ შემთხვევაში გარკვეულ შეფერხებებს უკავშირდება. მათი განმარტებით, სატვირთო მანქანები ტრანზიტის დროს გზებზე შესაძლოა, კვირების განმავლობაში იყვნენ გაჩერებული, რაც სომეხ მწარმოებლებს ფინანსურად და ვადების კუთხით აზარალებს. აქედან გამომდინარე, გამოცემის ცნობით, პასუხისმგებლიანი ორგანიზაციები დიდი ხანია ამ გზის ალტერნატიული მარშრუტის - საზღვაო გზის ორგანიზებას განიხილავდნენ, ამ პროცესის ორგანიზებისთვის კი სომხეთის ხელისუფლებამ ოპერატორად კომპანია „სი ენდ ემ ინტერნეიშენალი“ დანიშნა. ეს კომპანია აპრილიდან ნოვოროსიისკი-ბათუმი, ბათუმი-ნოვოროსიისკის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვებს საზღვაო გზით ახორციელებს. ამასთან, ტვირთების ტრანსპორტირება სახელმწიფოს სუბსიდირებით ხდება.

სომხურ გამოცემასთან ინტერვიუში, „სი ენდ ემ ინტერნეიშენალის“ დირექტორი დავით ელოიანი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ორი გადაზიდვა უკვე შესრულდა. „დღეისთვის ჩვენს გემს 350 კონტეინერი ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლია. 18 აპრილს ჩვენ წარმატებით შევასრულეთ პირველი გადაზიდვა. იგეგმება ერთი რეგულარული რეისის დანიშვნა, მოთხოვნის შესაბამისად კი ჩვენ გადაზიდვების რაოდენობა შესაძლოა, 2-3-მდე გაიზარდოს. ახლა მთავარია რეგულარული სტაბილური გადაზიდვების განხორციელება“, - აღნიშნა ელოიანმა.

მისივე ინფორმაციით, ამგვარად ტვირთი დანიშნულების ადგილზე 20-24 საათში ხვდება, ამასთან, შეფერხებები გზაში არ შეხვდება და მწარმოებლები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ტვირთი დროულად ჩავა პარტნიორთან. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ საფასო პოლიტიკა წლის განმავლობაში სტაბილური იქნება, სახელმწიფო კი ამ გზის ტვირთების ტრანსპორტირებას, ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის დაასუბსიდირებს.

BM.GE აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და უწყების დაქვემდებარებაში არსებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები