მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ბიუჯეტების ნახევარზე მეტი რუსეთის პირდაპირი ტრანშით ივსება - სუს-ი

64a6806ceb338
თამთა ჯიჯავაძე
06.07.23 13:17
700
2022 წელს, ანექსიის კუთხით კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშშია საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 186.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რომლის დაახლოებით 42% (დაახლოებით 77.5 მლნ აშშ დოლარი) რუსულ ტრანშს წარმოადგენდა. რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს, ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 120 მლნ აშშ დოლარი იყო, რომლის დაახლოებით 81% (დაახლოებით 96,7 მლნ აშშ დოლარი) რუსეთის ფედერაციამ დააფინანსა.

„რუსეთის საოკუპაციო ძალა აქტიურად ცდილობდა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ეკონომიკის სხვადასხვა დარგის სრულ კონტროლს, რაც გამოიხატა „საბიუჯეტო ტრანშის“ მსხვილი „ინვესტიციებით“ ჩანაცვლების გეგმის შემუშავებაში.

ვინაიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტის ნახევარზე მეტი რუსეთის პირდაპირი ტრანშით ივსება, მაღალი ალბათობით, ფინანსების მოსაზიდად საოკუპაციო რეჟიმს მნიშვნელოვანი, მათ შორის, სტრატეგიული ობიექტების გასხვისება მოუწევს“, - წერია სუს-ის ანგარიშში.

ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ანექსიის ჭრილშია განსახილველი, მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებები აღნიშნულ სფეროში რუსი ე.წ. ინვესტორების მოზიდვისა და სტრატეგიული ობიექტების „პრივატიზების“ შესახებ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთის ანექსიურმა პოლიტიკამ კიდევ უფრო კომპლექსური სახე მიიღო, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხის გარშემო მიმდინარე პროცესებში.

„2022 წლის 19 იანვარს ხელი მოეწერა „შეთანხმებას“, რომელიც რუსეთისთვის ოკუპირებული ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის“ უსასყიდლოდ, ხოლო მიწის ნაკვეთებისა და მიმდებარე აკვატორიის „იჯარით“ გადაცემას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. შეთანხმების მიხედვით, მისი „დენონსირების“ შემთხვევაშიც ობიექტი კვლავ რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში რჩება. ე.წ. შეთანხმების „რატიფიცირება“ ჯერჯერობით არ მომხდარა, ვინაიდან „დოკუმენტით“ გათვალისწინებულმა ზოგიერთმა საკითხმა ადგილობრივებში პროტესტი გამოიწვია. საყურადღებოა, რომ ე.წ. ხელშეკრულების ჩაგდების შემთხვევაში, რუსეთმა ოკუპირებული რეგიონიდან მე-7 საოკუპაციო ბაზის გასვლისა და ოკუპირებულ აფხაზეთზე ფინანსური ზეწოლის განხორციელების შესაძლებლობა არ გამორიცხა.

გარდა ამისა, 2022 წლის 27 ოქტომბერს ოკუპირებულ ბიჭვინთაში არსებული 20 ჰა მიწის ნაკვეთი კრასნოდარის მხარის ყოფილი გუბერნატორისა და რუსეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის კომპანია „მოსკვა რეზორტს“ „მუდმივ სარგებლობაში გადაეცა“, - საუბარია სუს-ის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები