კიევის ეკონომიკური სკოლის [KSE] შეფასებით, ომმა უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორს 8.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ზარალი მიაყენა. როგორც ანგარიშში წერია, ყველაზე დიდი ზარალი თითქმის 5 მილიარდი დოლარი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაზიანება/განადგურებას უკავშირდება.
ანგარიშის ავტორები წერენ, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე მეტად ხერსონის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში დაზარალდა. მარტის ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშში KSE წერდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა ინფრასტრუქტურას 63 მლრდ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა. ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში 4 ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა ან/და გაანადგურა.
2022 წლის 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ამას წინ ვლადიმერ პუტინის განცხადება უძღოდა, რომელმაც დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.