მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორთვიანი სრული ჩაკეტვის ეკონომიკური ფასი

5fb52b8fc0eaf
ეგნატე შამუგია
19.11.20 09:00
3910
ათი წლის შემდეგ გლობალური ეკონომიკა რეცესიაშია, რაც პანდემიის გამო მთავრობების მიერ ქვეყნების ჩაკეტვით და ეკონომიკური აქტივობის გაჩერებითაა გამოწვეული. თუმცა, განსხვავებით 2008-2009 წლის ფინანსური კრიზისისა [ეკონომიკა 1.7%-ით შემცირდა], "დიდი ჩაკეტვის" ეკონომიკური შედეგი გაცილებით დიდი მასშტაბით, გლობალური ეკონომიკის 4.4%-იანი კლებითაა მოსალოდნელი. ეს კი, შრომის ბაზარზე დრამატულად აისახა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გლობალურად 380 მლნ სამუშაო ადგილი დაიკარგა და არც წლის ბოლოსთვისაა ოპტიმისტური პროგნოზები. მიზეზი კი, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა და მთავრობების მიერ შეზღუდვების გამკაცრების ახალი ტენდენციაა. ასეთი პროცესი საქართველოშიც დაიწყო, სადაც მე-10 თვეა რიგი შეზღუდვები არსებობს. სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული მასშტაბის და რაოდენობის, რომლის შედეგი 9 თვის მდგომარეობით ეკონომიკის 5%-იანი კლებაა, სადაც წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა. ეს კი იმ პერიოდს მოიცავს, როცა ორთვიანი პერიოდით საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და ქვეყანა სრულად ჩაკეტილი იყო. კლების ეს ნიშნული კი ათწლიან პერიოდში წლის ამ მონაკვეთის საშუალო ზრდის მაჩვენებელთან შედარებით 17.3 პ.პ.-ით ნაკლებია, მაგრამ ეს მაჩვენებელი სრულად ვერ ასახავს ორთვიანი სრული ჩაკეტვის შედეგებს.

ცხადია, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტი ეკონომიკის ყველა დარგისთვის ნეგატიური იყო, მაგრამ უფრო მეტი ზიანი მომსახურების ნაწილს მიადგა, ვიდრე ინდუსტრიულ დარგებს. საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურაში კი მომსახურების სფეროს დომინანტური პოზიცია უჭირავს [საშუალოდ 69.8%-იანი წილი] და სამუშაო ძალის ბევრად მსხვილი დამსაქმებელია, ვიდრე - ინდუსტრიული ნაწილი. თავი მხრივ, ეკონომიკის ეს დარგები კი განვითარების თვალსაჩინო ტემპით გამოირჩევიან და ეკონომიკური ზრდაში წამყვანი კონტრიბუტორები არიან. დასაქმებაში კი, დაახლოებით ½ -იანი წილით გამოირჩევიან.

გრაფიკი1: ეკონომიკური ზრდა და ერთ მუშახელზე რეალური ეკონომიკის განაწილება (%; ათასი ლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები


ორთვიანი სრულის ჩაკეტვის დროს კი მომსახურების სექტორებში 12.3%-ზე გაცილებით დიდი კლება დაფიქსირდა. ცალკეული სექტორების მიხედვით, სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების ნაწილში რეალური ეკონომიკა 40.0%-ით შემცირდა, რომლის წვლილი მთლიანი ეკონომიკის შემცირებაში 1.9 პ.პ. იყო. 2019 წლის მონაცემებით, აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 49.1 ათას პირს შეადგენდა, ხოლო ერთ დასაქმებულზე განაწილებული დოვლათი კი - 32.0 ათას ლარს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გართობა და დასვენების სექტორის 24.1%-ით შემცირდა, რომელიც 30.1 ათას შრომისუნარიან პირს ასაქმებდა, ხოლო ერთ დასაქმებულზე განაწილებული დოვლათი 79.0 ათას ლარს აღწევდა. აღსანიშნავია, რომ ეს ორი სექტორი არამხოლოდ ადგილობრივი მოთხოვნას, არამედ საერთაშორისო ტურისტების მოხმარების დაკმაყოფილებასაც უზრუნველყოფს. ტურიზმთან დაკავშირებული კიდევ ერთი სექტორი სატრანსპორტო მომსახურებაა, სადაც, წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის 22.6%-იანი კლებაა. დასაქმების კუთხით კი, 2019 წელს, დაახლოებით, 82.4 ათასი შრომისუნარიანი პირი იყო დასაქმებული. აღნიშნული სექტორის წვლილი 12.3%-იან კლებაში 1.7 პ.პ. -ია.

გრაფიკი2: ეკონომიკური ზრდა და სექტორების წვლილი (%; პ.პ.)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

გარდა მომსახურების სექტორებისა, ქვეყნის სრული ჩაკეტვის დროს არსებითად იზარალა მშენებლობის დარგმა. კერძოდ, მეორე კვარტალში რეალური კლების ნიშნული 24.5%-ია, ხოლო ეკონომიკის მთლიან კლებაში სექტორის წვლილი 2.2 პ.პ. მშენებლობა პანდემიამდე რიგი პრობლემების წინაშე იდგა, რაც 2018 წლიდან რეგულირების გამკაცრებას უკავშირდება. ეს სექტორი კი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, სადაც 2019 წლის მონაცემებით, 102.0 ათასი პირი იყო დასაქმებული (მთავრობის კრიზისზე რეაგირების პაკეტი კი სამშენებლო სექტორის სუბსიდირებას მოიცავს). სხვა ინდუსტრიულ ნაწილში, კერძოდ სამთო და დამამუშავებელ მრეწველობაში 10.3%-იანი კლება დაფიქსირდა, რომლის წვლილი მთლიანად ეკონომიკის შემცირებაში 1.2 პ.პ.-ია. აღნიშნული სექტორები კი, 139.0 ათას პირს ასაქმებდა მსგავსად მრეწველობისა, ერთ-ერთ მსხვილი დამსაქმებელი მომსახურების სფეროდან ვაჭრობაა, რომელიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 13.2%-ით შემცირდა. 2019 წლის მონაცემებით, ვაჭრობის სექტორს მთლიან ეკონომიკაში ყველზე მაღალი, 13.3%-იანი წილი გააჩნდა, სადაც 197.0 ათასი პირი იყო დასაქმებული. ამდენად, 12.3%-იანი ეკონომიკურ კლებაში მისი წვლილი 2.0 პ.პ. -ს აღწევს. 

საერთო ჯამში, გარდა სამი სექტორისა, ეკონომიკის სხვა დარგებში ყველგან კლებაა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ზრდა სოფლის მეურნეობაში იყო, რამაც 4.7% შეადგინა, ხოლო ეკონომიკის მთლიან მაჩვენებელში მისი დაბალი წილიდან გამომდინარე, დადებითი 0.4 პ.პ.-იანი კონტრიბუცია გააჩნდა. მსგავსად სოფლის მეურნეობისა, ზრდა იყო განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის ნაწილში. აღსანიშნავია, რომ ეს სფეროები ეკონომიკის ისეთი სექტორებია, სადაც საბიუჯეტო კონტრიბუცია მაღალია და სახელმწიფოს როლი დომინანტური. ჯამში, ამ სექტორებს მეორე კვარტალში დადებითი 1.3 პ.პ.-იანი წვლილი გააჩნდათ, ხოლო 2019 წლის მონაცემებით დასაქმებულთა რაოდენობა 214.8 ათას პირს შეადგენდა.

გრაფიკი3: საშუალო თვიური ხელფასების რეალური ოდენობის ცვლილება (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

სრული ჩაკეტვის პერიოდში ეკონომიკის და მისი ცალკეული დარგების შემცირება, ბუნებრივია, შრომით რესურსებსა და ხელფასებზეც აისახა. კრიზისის პირობებში, ამა თუ იმ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ შენარჩუნებული მუშახელის ანაზღაურებაც შემცირდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, წინა წილს ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიან ეკონომიკაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის რეალური ოდენობა 8.5%-ით ნაკლებია. სექტორების მიხედვით, ყველაზე დიდი შემცირება დასვენება და გართობის ნაწილში იყო, სადაც რეალური ხელფასების საშუალო მაჩვენებლის 27.3%-იანი კლება დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ეკონომიკის 7 სექტორში ხელფასების შემცირების ორნიშნა მაჩვენებელი იყო. ხოლო, სექტორები, სადაც არ შემცირებულა ესაა: განათლება და ტელეკომუნიკაციები. მათგან, განათლების სექტორში 8.0%-იანი ზრდაა, სადაც დასაქმებულთა უმრავლესობა საჯარო სკოლის პედაგოგებია. ხოლო, ტელეკომუნიკაციების შემთხვევაში რეალური ხელფასები 0.5%-ით გაიზარდა.

როგორც ჩანს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, როცა ორი თვის მანძილზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და ქვეყანა სრულად ჩაკეტილი იყო, ყველაზე მეტად მომსახურების სექტორები დაზარალდა. განსაკუთრებით კი ის დარგები, სადაც საერთაშორისო ტურიზმის გავლენა პირდაპირია. ამ უკანასკნელის როლი კი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანია, რადგან, საერთო ჯამში, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკაზე ტურიზმის გავლენა 26.4%-ს აღწევს. მეორე მხრივ, განვითარებული მოვლენები შრომის ბაზარზე დრამატულად აისახა, რაც დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებასთან ერთად, სამსახურშენარჩუნებულთა ანაზღაურების კლებაშიც აისახა. გამონაკლისი მხოლოდ საჯარო სექტორთან დაკავშირებული დარგები იყო, სადაც დასაქმებულები ასეთი პრობლემის წინაშე არ დამდგარან. მეორე კვარტალში არსებული მდგომარეობა შედარებით მესამე პერიოდში გამოსწორდა, როცა ეკონომიკა საშუალოდ 3.8%-ით შემცირდა. ამ ფონზე, მიმდინარე ტენდენცია - შეზღუდვების გამკაცრება და რიგი ეკონომიკური აქტივობების შეჩერება ბევრად უფრო ნეგატიურ შედეგების მოლოდინს აჩენს, ვიდრე ეს წინა პერიოდში იყო. აღნიშნულს ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან ერთად რეგიონში ომი [ყარაბაღის 45-დღიანი] და პოლიტიკური არასტაბილურობა ემატება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები