პარლამენტში ლევან იოსელიანს ქეთევან თურაზაშვილი შეცვლის. ის „მოქალაქეების“ საპარლამენტო სიაში სწორედ იოსელიანის შემდეგ იყო ჩასმული.
საქმე ის არის, რომ ლევან იოსელიანი დღეს სახალხო დამცველად აირჩიეს, შესაბამისად, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. პარლამენტის რეგლამენტით კი, მის ადგილს "მოქალაქეების" სიაში მყოფი მომდევნო დეპუტატი იკავებს, რიგითობის მიხედვით. წარდგენის შემდეგ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კანდიდატურას მხარი უნდა დაუჭირონ. საკითხს ჯერ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს, ხოლო შემდეგ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.
ინფორმაციისთვის:
2020 წლის თებერვლიდან დღემდე ქეთევან თურაზაშვილი ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერის აპარატს.
2023 წლიდან - კარიერის სერტიფიცირებული კონსულტანტი.
2022 წლიდან - მედიატორთა ასოციაციის წევრი.
2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს. ამავე დროს, არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციით.
2005-2018 წლებში ქეთევან თურაზაშვილის სამუშაო გამოცდილება უკავშირდებოდა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს. ის ხელმძღვანელობდა სხვადასხვა დიდი ინდუსტრიების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებს, როგორიცაა: ტელეკომპანია იმედი, საერთაშორისო კორპორაცია ICR, KTW ჯგუფი, ა.ა.ი.პ ,,მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი, სამედიცინო კომპანია ,,ახალი ხედვა“, შემოსავლების სამსახური.
2005-2008 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაფუძნების დღიდან, იყო აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორი.
2002-2004 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პალატებში ასრულებდა მოსამართლის თანაშემწის მოვალეობას.
2009 წელს სწავლობდა ადამიანური რესურსების მართვის ხელოვნებას პარტნიორები-საქართველო და UNAG საერთაშორისო სკოლაში.
2007 წელს დაასრულა GIPA-ს PR ტექნოლოგიების კურსი.
1997-2002 წწ სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მიღებულია აქვს მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომი.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.