პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ვაჭრობის ღიაობის და ამ უკანასკნელის გაუმჯობესების კუთხით ბალტიისპირეთის ქვეყნები - ესტონეთი, ლიეტვუა და ლატვია გამოირჩევა. კერძოდ, სავაჭრო ბრუნვის წილი მშპ-ში ყველაზე მაღალი ნიშნული ესტონეთს გააჩნია, სადაც ბოლო ათწლეულში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 151.2%-ს იკავებს, რაც 1999-08 წლებთან შედარებით 19.7 პ.პ. -ით მეტია. ლიეტვუა და ლატვიაში კი 37.9 პ.პ. და 28.0 პ.პ. -ებით უფრო მაღალია, ვიდრე 1999-08 წლებში.
ამ მხრივ, ბოლო ათწლეულში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა მშპ-ის საშუალოდ 94.4%-ია, რაც წინა ათწლიან პეროოდთან შედარებით 18.5 პ.პ.-ით უფრო მაღალ ნიშნულს იკავებს. სავაჭრო ბრუნვის მშპ-თან წილის დაბალი ნიშნული კი ძირითადად ნავთობისა და გაზის ექსპორტიორ ქვეყნებს ახასიათებთ. კერძოდ, დაბალი მაჩვენებელი უზბეკეთს, რუსეთს და ყაზახეთს გააჩნიათ, სადაც მსგავსად სხვა ექსპორტიორი ქვეყნებისა, ბოლო ათწლეულში მშპ-სთან მიმართებით სავაჭრო ბრუნვის წილი შემცირებულია. ამ ქვეყნებში, გარდა ბელარუსისა, ეს მაჩვენებელი 2009-18 წლებში საშუალოდ 64.8%-ია, რაც 1999-08 წლებში საშუალოდ 76.8%-ს იკავებდა. ბელარუსში კი სავაჭრო ბრუნვის წილი საშუალოდ 128.0%-ია.
ბოლო ათწლეულის მანძილზე სავაჭრო ღიაობის კუთხით, მშპ-თან ექსპორტ-იმპორტის წილი ყველაზე მეტად ტაჯიკეთში შემცირდა. 1999-08 წლებში ტაჯიკეთის სავაჭრო ბრუნვის ოდენობა მშპ-ს საშუალოდ 138.8%-ს შეადგენდა, რაც 2009-18 წლებში 68.1%-მდეა შემცირებული. თუმცა, მხოლოდ ტაჯიკეთი არ არის, რომლის სავაჭრო ბრუნვის წილი შემცირდა. 2009-18 წლებში აღნიშნული მოლდოვასა და ყაზახეთშიც შემცირებულია. კერძოდ,, გასული ათწლეულის მანძილზე მოლდოვის სავაჭრო ბრუნვა მშპ-ს საშუალოდ 93.1%-ია, რაც წინა ათწლეულში საშუალოდ 132.8% იყო. ხოლო ყაზახეთში, 2009-18 წლებში მშპ-ში ექსპორტ-იმპორტის წილი 27.8 პ.პ. -ით, 66.1%-მდეა შემცირებული.
როგორც აღვნიშნეთ, ეკონომიკის ღიაობის საზომად გარადა საერთაშორისო ვაჭრობისა, კაპიტალის ნაკადებიც გამოიყენება. კერძოდ, უცხოური კაპიტალისა და ინვესტიციების ნაკადების მშპ-სთან ფარდობა, რაც მშპ-ში ქვეყანაში შემოსული და გასული კაპიტალის ჯამის წილია. ეს კი ასახავს ეკონომიკა რამდენად თავისუფალია კაპიტალის მოძრაობისთვის, რაც ორმხრივად - ფინანსური ნაკადების შემოდინებას და გადინებას ზომავს.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კაპიტალის ნაკადების მშპ-თან წილით საქართველო და თურქმენეთი გამოირჩევა. 2009-18 წლებში ეს მაჩვენებელი მშპ-iს საშუალოდ 10%-10% -ს შეადგენდა. მათგან თურქმენეთის შემთხვევაში მშპ-ში ინვესტიციების წილი ბოლო ათწლეულში საშუალოდ 6.6 პ.პ.-ითაა გაზრდილი, რაც საქართველოს შემთხვევაში 1.8 პ.პ.-ია. ბოლო ათწლეულის მანძილზე ზრდა იყო ყირგიზეთში. კერძოდ, 2009-18 წლებში კაპიტალისა და ინვესტიციების ნაკადების წილი საშუალოდ 7.2%-ია, რაც 1999-08 წლებთან შედარებით 3.3 პ.პ. -ით მეტია. აღნიშნულ პერიოდში შემცირება კი აზერბაიჯანში, ესტონეთში, მოლდოვაში, ლიეტვუაში, ლატვიაში, ყაზახეთში, სომხეთში და ტაჯიკეთში იყო. მათგან ყველაზე დიდი კლება აზერბაიჯანსა და ესტონეთშია, სადაც 2009-18 წლებში, წინა ათწლეულთან შედარებით, კაპიტალისა და ნაკადების წილი საშუალოდ 8.9 პ.პ. და 5.7 პ.პ. -ებითაა შემცირებული. მიუხედავად შემცირებისა, ეს მაჩვენებელი სხვებთან შედარებით ისევ მაღალ ნიშნულზეა, რადგან 1999-08 წლებში აზერბაიჯანში საშუალოდ 16.8%-ს, ხოლო ესტონეთში საშუალოდ 12.2% -ს შეადგენდა.
საერთო ჯამში, ეკონომიკის ღიაობით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ესტონეთი, ლიეტუვა, ბელარუსი და ლატვია ლიდერობს. მათ რიგებს კი ბოლო ათწლეულში ყირგიზეთიც შეუერთდა. ამ ქვეყნის ეკონომიკის ღიაობის ზრდა ორივეს - ვაჭრობასა და კაპიტალს უკავშირდება, რადგან 2009-18 წლებში ორივე ნაწილში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამ მხრივ, ეკონომიკის ღიაობის ზრდა შესამჩნევია საქართველოს, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის და თურქმენეთის შემთხვევაში. ხოლო, პირიქით, უფრო ნაკლებად ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა ტაჯიკეთი, მოლდოვა, რუსეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი გახდა.
როგორც ჩანს, ეკონომიკურ ღიაობასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის კავშირია. კერძოდ, იმ ქვეყნებში, სადაც საგარეო ვაჭრობა და კაპიტალის ნაკადების დონე იზრდება მაღალი ეკონომიკური განვითარების ტემპია. ასეთი ეკონომიკები კი ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნებია, სადაც ეკონომიკური ღიაობის ტენდენცია ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდის ტემპს იზიარებს. ამდენად, ქვეყნის ეკონომიკის ღიაობის ზრდა ამ უკანასკნელის განვითარების უფრო მაღალ ტემპთა ასოცირდება.