პრეზიდენტი პუტინი არის ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად გააერთიანა NATO, ამისთვის შეიძლება მას მადლობაც კი გადავუხადოთ, - ამის შესახებ თეთრ სახლში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე პრესმდივანმა ჯენ პსაკმა განაცხადა.
მისი თქმით, NATO დღეს არის უპრეცედენტოდ ერთიანი.
"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში NATO-ს ყველა წევრი დგას ერთ პოზიციაზე. ჩვენ ვხედავთ არამხოლოდ ნატოს გაერთიანებულ პოზიციასა და თანხმობას, არამედ ევროპაშიც არსებობს ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დავეხმაროთ. ასევე ბევრმა ქვეყანამ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ისტორიულად მათ არასოდეს გადაუდგამთ. მაგალითად გერმანია არასოდეს დახმარებია სამხედრო შეიარაღებით სხვა ქვეყანას, ასევე ფინეთმაც იგივე გააკეთა. ვხედავთ რომ დასავლეთი არის ერთიანი და ისინი ეწინააღმდეგებიან პუტინის მიერ განხორციელებულ თავდასხმას უკრაინაზე", - განაცხადა მან.