მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარელის მუნიციპალიტეტში 6 ახალი საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება - გათვალისწინებულია 11 მლნ-მდე ლარი

642abe3db7536
ნინო ჩიბჩიური
03.04.23 22:30
502
ქარელის მუნიციპალიტეტში 2026 წლამდე ექვსი ახალი საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება. სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს.

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, (Design-Build მეთოდით), საბავშვო ბაღები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში რუისში, ურბნისში, აბანოში, ქვენატკოცასა და ბრეთში აშენდება, რისთვისაც სახელმწიფო 10 მლნ 930 ათას 929 ლარის დახარჯვას აპირებს. საპროექტო პირობების მიხედვით, თითოეული შენობა 75 ბავშვზე უნდა იყოს გათვლილი და უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ შესაბამის თანამედროვე სტანდარტებს. პროექტი უნდა მოიცავდეს მიწის, ბეტონის და მონოლითურ რკ.ბეტონის, შიდა და გარე მოსაპირკეთებელ, კარ-ფანჯრების და იატკების მოწყობის, შიდა და გარე წყალსადენკანალიზაციის, გათბობა-ვენტილაციის, შიდა და გარე ელ.მომარაგების, ტერიტორიის კეთილმოწყობის და სხვა სახის სამუშაოებს.

მერის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნულთაგან ზოგიერთ სოფელში არსებული პირობების გამო საბავშვო ბაღის ლოკაციაც შეიცვლება.

"აღნიშნულ სოფლებში საბავშვო ბაღები იყო, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო გახდა თანამედროვე სტანდარტების დაკმაყოფილება. ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა ამჯერად დაიგეგმა ქარელის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში. იქ სადაც არასაკმარისი ფართია, მშენებლობისთვის ახალი ლოკაცია გამოიყოფა", - უთხრა bm.ge - ს მერის მოადგილემ, ნათია მაწონაძემ.

სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს. (3 თვე განსაზღვრულია საპროექტო-საღარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადებისთვის, 12 თვე - მშენებლობისთვის) საპროექტო წინადადებების მიღება კი 2023 წლის 29 აპრილიდან 5 მაისამდე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები