მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბაზარზე ჭაჭის ახალი ბრენდი MEOW-გამოჩნდა

640096c48a813
ნანუკა ნარიმანიძე
02.03.23 16:40
1013
ქართულ ბაზარზე ჭაჭის ახალი ბრენდი MEOW-გამოჩნდა. როგორც ბრენდის თანადამფუძნებელმა ნატაშკა გოცირიძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ჭაჭა ბაზარზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოჩნდა და უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა. ნატაშკა გოცირიძის თქმით, MEOW-ს ჭაჭა გამორჩეულია გემოვნური თვისებებითა და შეფუთვით.

„იმის მიუხედავად, რომ ჭაჭის შეფუთვა ძალიან ქალური და ფემინურია, გემოზე ბევრი ვიმუშავეთ და მისი გემო ჭაჭის ყველა მოყვარულს მოხიბლავს“, - აღნიშნავს ის.

მომხმარებელს ორი სახის - კლასიკური და მუხის ჭაჭის დაგემოვნება შეუძლია, სამომავლოდ იგეგმება ასორტიმენტის გაფართოებაც. როგორც გოცირიძე ამბობს, ჭაჭა კახური ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული, ყურძნის რბილობისა და ღვინის ერთად გამოხდის გზით, რაც შეეხება მუხის ჭაჭას, ის 6 თვის განმავლობაში მუხის კასრებში კაკლის ნაჭუჭებთან ერთად იხდება. კომპანია ჭაჭას Ushba Distillery-ში აწარმოებს.

სირთულეებზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა ჩამოსასხმელი ბოთლების მოძიება იყო. „ბოთლები მთავარი პრობლემა იყო, გვინდოდა განსაკუთრებული ბოთლის არჩევა, რათა სასაჩუქრედ ლამაზი ყოფილიყო, თუმცა შევძელით, შესაბამისი შეფუთვა ავარჩიეთ და ჭაჭაც ჩამოვასხით“, - დასძინა მან.

კომპანიამ უკვე 3000 ბოთლი სასმელი ჩამოასხა, ბოთლის ფასი 40 ლარამდეა, პროდუქტი კი რამდენიმე კვირაა ჩაშვებულია გაყიდვაში. მისი შეძენა ონლაინ მაღაზია VELI.STORE-ზე, რესტორან LOLITA-ში, MTA-ში(გუდაურში), TES-ში და კლუბ LEFT BANK-შია შესაძლებელი.

ნატაშკა გოცირიძემ bm.ge-სთან ინტერვიუში სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბრენდი ჯერჯერობით ფოკუსირებულია საქართველოში თავის დამკვიდრებაზე, სამომავლოდ კი ექსპორტზე გასვლა და საკუთარი საწარმოს გახსნა სურთ.

„ბრენდი ახალია, ჯერ საქართველოზე გვაქვს ფოკუსი, შემდეგ აუცილებლად გვინდა ექსპორტზე გასვლა ევროპაში, განსაკუთრებით კი - ამერიკაში“, ამბობს ის.

ამასთან, კომპანიის სამომავლო გეგმებშია MEOW BAR-ის გახსნაც - “დიდი სურვილი გვაქვს, გვქონდეს ბარიც, ვფიქრობთ კარგი კონცეფტი შეიქმნება. მომხმარებელს ძირითადად ჩვენი ჭაჭისგან დამზადებულ კოქტეილებს შევთავაზებთ, რა თქმა უნდა, გვექნება სხვა ბრენდის სასმელებიც”, - დასძინა დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები