მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვგეგმავთ კიტრის არყის დამატებას" - ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი „ეფემერა“

6412e6cf9ac59
ნანუკა ნარიმანიძე
17.03.23 09:30
1372
კომპანია „ეფემერა“ საქართველოს ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა და ის მომხმარებელს ალკოჰოლურ სასმელს, ხილის არაყსა და ჭაჭას სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ხუციშვილი აღნიშნავს, რომ ბრენდს საფირმო პროდუქცია გამოარჩევს: „ბოთლში ვათავსებთ დამტვერილი მსხლის, ფეიხოას და ლიმონის ბუტკოებს, ვზრდით, შემდეგ კი ხილის ვეგეტაციის დასრულებისას, მასში ვასხამთ იმავე ხილის არაყს“, - განმარტავს ის.

დამფუძნებლის თქმით, კვლევას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ხილის ბოთლში გაზრდა, 16 თვე დასჭირდა. „ე.წ. დატყვევებული ხილის სერია საქართველოში დახლზე გასაყიდად არასდროს გამოტანილა, შესაბამისად, ამ კუთხით ინფორმაციის მოძიებამ და დაკვირვებამ დიდი დრო წაიღო“, - თქვა ხუციშვილმა.

კომპანიამ ამ დროისთვის ჯამში 2000 ბოთლი აწარმოა, სამომავლო გეგმებშია ამ რიცხვის გაოთხმაგება, ასევე გეგმებშია კიტრის არყის დამატებაც.

"დაგეგმილია წარმოების მოცულობის გაოთხმაგება, როგორც ყურძნის მაგარი სასმლის, ასევე დატყვევებული სერიის მიმართულებით. გაზაფხულიდან ვამატებთ დატყვევებული კიტრის არაყსაც", - დასძინა მან.

რაც შეეხება ექსპორტს, გიორგი ხუციშვილის თქმით, შემოთავაზებები ისრაელიდან აქვთ, თუმცა, წარმოების მოცულობიდან გამომდინარე, კომპანია ამ ეტაპზე ექსპორტს ვერ გასწვდება.

„ეფემერას“ პროდუქციის შეძენა მომხმარებელს ონლაინ, ასევე, "გუდვილში", ტურისტულ ღვინის მაღაზიებსა და რამდენიმე ბარ-რესტორანშია შესაძლებელი. პროდუქციის საშუალო ღირებულება 105 ლარია. კომპანია მუდმივად 5 ადამიანს ასაქმებს, სეზონზე კი - 15-მდე ადამიანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები