8 სახეობის მინიატურული ჩურჩხელისა და სხვადასხვა ხილის ჩირის მწარმოებელმა კომპანია „ჩაროზმა“ პროდუქცია ექსპორტზე იაპონიაში გაიტანა, ამის შესახებ bm.ge-სთან „ჩაროზის“ დამფუძნებელმა ელენა ჯიშიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, კომპანია აქამდე პროდუქტს უკრაინაში, რუსეთსა და საფრანგეთში ყიდდა, იაპონია კი ბრენდისთვის ახალი საექსპორტო ბაზარია.
"დაახლოებით 2 თვეა, რაც პროდუქცია გავგზავნეთ, ჯერ მცირე მოცულობა, რადგან ჩვენი საწარმოც ახალია და შესაბამისად, დიდი წარმადობა არ გვაქვს. „ჩაროზის“ ნუგბარი მთლიანად ნატურალურია, საჭირო ნედლეულს ქართველი ფერმერებისგან ვყიდულობთ. რაც შეეხება რეალიზაციას, ექსპორტის გარდა „ჩაროზის“ პროდუქცია საწარმოსთან მდებარე ჩვენს ბრენდულ მაღაზიასა და თბილისში რამდენიმე ობიექტში იყიდება“ - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„ჩაროზი“ ბაზარზე წელიწად-ნახევრის წინ გამოჩნდა, კომპანია იმერეთსა და რაჭაში წარმოებას, ასევე ბრენდულ მაღაზიას აერთიანებს. საწარმოსთვის ჯამში 70 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 26,500 ლარი საქართველოს ბანკის დაფინანსება იყო. ამ ეტაპისთვის „ჩაროზი“ 7 ადამიანს ასაქმებს.