მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული დრონი, რომელსაც ვაქცინის ტრანსპორტირება შეუძლია

605c5b2553db2
თათია კაკიაშვილი
25.03.21 22:00
1124

“მეი 21 ობზერვერი” - ასე ჰქვია დრონს, რომელიც საქართველოში მზადდება და ახლა სატესტო ფრენებისთვის ემზადება. “მეი 21” რამდენიმე ფუნქციას ითავსებს, მისი ძირითადი სამუშაო მიმართულება კი მონიტორინგია, რომელიც მოიცავს: ხანძრების შემთხვევაში შორი მანძილიდან ცეცხლის კერების აღმოჩენას; სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად, კონკრეტული სივრცეების დეტალურ აეროშესწავლას; სამაშველო ღონისძიებების დროს საფრთხის ქვეშ მყოფი პირების ადგილმდებარეობის განსაზღვრას და სხვადასხვა ტიპის სამძებრო სამუშაოებში ჩართულობას. ამას გარდა, დრონის ამ კონკრეტული პროტოტიპის შესაძლებლობების გამოყენება სამედიცინო პრეპარატების, მათ შორის, ვაქცინების ფორს-მაჟორულ სიტუაციაში კონკრეტულ ლოკაციაზე ოპერატიული მიწოდებისთვისაც შეიძლება.

„ერთი წელია, რაც დრონის ამ პროტოტიპზე ვმუშაობთ და უკვე თითქმის დასრულებულია ჩვენი მოდელი. ახლა დამატებით ინვესტიციებს ველით, რომ საბოლოოდ გავმართოთ ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატი. სხვა დრონებთან შედარებით, ჩვენს მოწყობილობას ის უპირატესობა აქვს, რომ მას სასარგებლო ტვირთის გადატანა შეუძლია. აქ იგულისხმება ნებისმიერი გადასაზიდი ტვირთი და მასთან ერთად შესაძლებელია სხვადასხვა აღჭურვილობის დამაგრებაც მონიტორინგის უკეთ წარმართვისთვის: მაგალითად, დამონტაჟდეს ინფრაწითელი კამერა, რომლის მეშვეობითაც ღამით მონიტორინგი ერთი-ორად უფრო ეფექტიანი იქნება“ , - განუცხადა BMG-ის Unmanned Air Technologies-ის თანადამფუძნებელმა ამირან ანანიაშვილმა.

ბუნებრივია, ხანძრებზე დაკვირვების კუთხით, საჰაერო ტექნოლოგიების გამოყენება უალტერნატივოა, განსაკუთრებით უპილოტო მოწყობილობები, რომლის გამოყენების დროს რისკები მინიმუმამდეა დასული. სწორედ ამ მიზნით, “მეი 21 ობზერვერს” გარდა ცეცხლის კერების აღმოჩენისა, ქარის მიმართულების განსაზღვრაც შეუძლია, რაც ხანძრის სალიკვიდაციოდ მნიშვნელოვანია.

„თავდაცვის მიმართულებით, დრონით შესაძლებელია სადაზვერვო ოპერაციების შესრულება, ხანძრების მართვა. სამაშველო ოპერაციების დროს კი, მისი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. დრონი ყველა იმ შემთხვევისთვის გამოიყენება, სადაც აეროგადაღება და ცოცხლად ინფორმაციის მიღება, ან სასარგებლო ტვირთის გადატანა საჭიროა. მათ შორის, დრონს შეუძლია ვაქცინების, ტრანსპლანტაციებისთვის ორგანოების გადატანა, რა დროსაც თითოეული წუთი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა Unmanned Air Technologies-ის თანადამფუძნებელმა ივანე მაისაიამ.

“მეი 21 ობზერვერის” პროტოტიპზე მუშაობა გუნდმა 2017 წლიდან დაიწყო. ჯერ კიდევ წლების წინ Unmanned Air Technologies-ის დასახული ჰქონდა, რომ უპილოტო საფრენი ტექნოლოგიები ჩვენს ქვეყანაშიც განვითარებულიყო. მოგვიანებით გუნდმა GITA-ს საგრანტო კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ჯერ 40 სტარტაპს შორის შეირჩა; შემდეგ კი საკონკურსო ფინალში გაიმარჯვა და 100.000-ლარიანი გრანტი მიიღო. თუმცა გრანტი დრონის განვითარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მოწყობილობის საბოლოო გამართვისთვის სტარტაპი Unmanned Air Technologies-ი დამატებით ინვესტიციებს ელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები