მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ფეროშენადნობები ექსპორტით იტალიაში გავა

6260f66c39e89
ნინო ტაბატაძე
21.04.22 20:28
1720

თებერვლიდან ფეროშენადნობების მწარმოებლებმა რუსული ბაზრის ჩანაცვლება დაიწყეს.

მარტის მონაცემებით, რუსეთში ფეროშენადნობების გატანა თითქმის შეწყდა. მხოლოდ 146 ათასი დოლარის პროდუქციის მიწოდება მოხდა. სანაცვლოდ, მკვეთრად გაიზარდა ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯამში, ოკეანესგაღმა 38.6 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა. 2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, აშშ-ში ფეროშენადნობების ექსპორტმა 74.7 მლნ დოლარს გადააჭარბა. შედეგად, მარტის მონაცემებით, ამერიკაში ქართული პროდუქციის ექსპორტმა რუსეთში ექსპორტს გადაასწრო. ეს პირველი შემთხვევაა 2013 წლიდან, რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ.

„დარგში დივერსიფიცირება ძალიან დიდი ხანია დაწყებულია. ჩვენს სექტორში ყველა კომპანიას ესმის, რომ პრიორიტეტული არ უნდა იყოს რუსული ბაზარი. აშშ-ს გარდა, ვმუშაობთ ევროპულ ქვეყნებთანაც და ვახდენთ ევროპაში პროდუქციის გატანას. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა რუსეთში ექსპორტზე“, - განაცხადა „საქმის კურსში“ სტუმრობისას ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნუგზარ კევლიშვილმა.

მისი თქმით, ქართველი მწარმოებლები დღეისათვის აქტიურად მუშაობენ იტალიაში ექსპორტის დაწყებაზეც, სადაც ძალიან დიდია დაინტერესება ქართული პროდუქციის შეძენაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარი კონკურენტი ამ სექტორში ინდოეთია, რომელიც ბაზარზე იაფი ფასით გამოდის.

„ხშირ შემთხვევაში ინდოეთს ვუწევთ კონკურენციას. წელიწადში 8 თვის განმავლობაში ქართველების უპირატესობით მიდის პროცესი. გარკვეულ დროს იმძლავრებენ ხოლმე ინდოელები. ახლა, რამდენიმე თვეში ისევ დადგება დრო, როდესაც ქართულმა პროდუქციამ შესაძლოა, მთლიანად ჩაანაცვლოს ინდური ნაწარმი ბაზარზე. ინდოეთს ენერგოკრიზისი აქვს და 50%-ით არის შემცირებული ფეროსილიკო მანგანუმის წარმოება“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.

აღსანიშნავია, ფეროშენადნობთა ბაზარზე დღეს მაღალი მოთხოვნაა და ფასებიც მაღალია. ფასებზე გავლენას ახდენს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ნიკოპოლის ფეროშენადნობების ქარხნის გაჩერება. საწარმოს მუშაობის შეწყვეტა აისახა ევროპაში მიწოდებაზე. მზარდი მოთხოვნის ფონზე გაიზარდა ფასი. ბაზრის მონაწილეები ფასების კლებას არც ელიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები